7 დეკემბერს ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის მეორე სეზონს იწყებს. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები პირველ ტურში ტოპ 14-ის ‘ვანს’ “მიხეილ მესხზე” 17 საათზე უმასპინძლებს.
რაგბის კლუბი ‘ვანი’ 1950 წელს დაარსდა. ბრეტონული კლუბი დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთის მესამე დივიზიონის, ფედერალ1-ის ბინადარი იყო. 2016 წელს მან ფლეი ოფში ‘მასი’ დაამარცხა და ისტორიაში პირველად პრო დე2-ის საგზური მოიპოვა.
საფრანგეთის მეორე დივიზიონის გასულ სეზონში ‘ვანმა’ რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა, ფლეი ოფში ჯერ ‘ბეზიე’, მერე კი ‘გრენობლი’ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ტოპ 14-ის საგზურიც მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია.
ტოპ 14-ის მიმდინარე გათამაშებაში ‘ვანმა’ 11-იდან სამი თამაში მოიგო (‘ლიონთან’ 30:20, ‘კასტრთან’ 34:28 და 'ლა როშელთან' ბოლო ტურში 23:14) და 15 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა. ევროტურნირებზე და კერძოდ ჩელენჯ თასზე ‘ვანს’ დებიუტი თბილისში, ‘შავ ლომთან’ ექნება.
შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის გასულ სეზონში ორ ფრანგულ კლუბს ეთამაშა - ‘კასტრს’ სტუმრად (6:28) და ‘კლერმონს’ თბილისში (3:36).
RUGBY.GE