უკვე მესამე წელია, რაც ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში მუშაობს და ვერავინ იტყვის, რომ აქამდე მიღწეული შედეგით ვილი უარყოფითად უნდა შეფასდეს. პირიქით, სანიოლმა ოცნება აგვიხდინა და დიდი სანაკრებო ტურნირი გვათამაშა, რასაც დიდი დაფასებაც უნდა.
მიუხედავად ამისა, არსებობენ გულშემატკივრები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სანიოლმა საკუთარი მაქსიმუმი უკვე აჩვენა და ნაკრებს ახალი მუხტი სჭირდება, მუხტი, რომელიც ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელ რამაზ სვანაძეს გააჩნია.
საქმე ისაა, რომ ეროვნული ნაკრების ბირთვს სვანაძე ბავშვობიდანვე იცნობს და შეიძლება ითქვას, რომ ასაკობრივის დამრიგებელს შეხება ყველა მათგანთან ჰქონია. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელებს კარგად იცნობს, ისიც უნდა ითქვას, რომ შედეგები სვანაძეს მართლაც გადასარევი აქვს.
ჯერ იყო პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ურთულესი ჯგუფის დაძლევა, რამაც მთელი ევროპა შოკში ჩააგდო, ახლა კი ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი, რაც ძლიერი მენტორის გარეშე ზღაპარს რომ ნიშნავს, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებთ.
სვანაძე რომ კარგია, ეს ერთია, აი, ვილი სანიოლმა რომ ბოლო თამაშებში შედეგი ვერ აჩვენა და უნდა ითქვას, რომ ალოგიკური შეცდომებიც დაუშვა, ეს მეორე. თითქოს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი პროგრესირებს, მეორე კი ადგილზეა გაჩერებული, სვანაძის "დაწინაურების" სურვილს კი სწორედ ეს ფაქტი აჩენს.