ჩვენი ჯგუფის წევრი ალბანეთი დარჩენილ თამაშებს ჩეხეთთან და უკრაინასთან გამართავს, იქამდე კი მათმა მწვრთნელმა სილვინიომ კომენტარი გააკეთა.
28 ფეხბურთელი გამოვიძახეთ, რადგან ხუთ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აქვს და მეორე თამაშზე რომელიმე რომ გამოგვაკლდეს და უცხოეთიდან ვინმეს გამოძახება სასწრაფოდ დაგვჭირდეს, აჯობებს, კანდიდატები ადგილზე გვყავდეს. ასევე გაურკვეველია კიდევ სამი ფეხბურთელის საკითხი. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა თამაშს.
პირველ ადგილზე გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია, რადგან ჩვენს ჯგუფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ორივე ამ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. საქართველომ ტირანაში დაგვამარცხა, თბილისში კი მოვიგეთ, მაგრამ საქართველო ევროპული დონის ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა და ტაქტიკურად გამართულია.
ახლა ორივე მატჩს შინ ვთამაშობთ, რაც მცირე, მაგრამ კარგი უპირატესობაა. უკრაინას კარგი მოთამაშეები ჰყავს, ჩეხეთის ძალაზე ისიც მეტყველებს, რომ ჯგუფში პირველ ადგილზეა, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და ეს მაიმედებს.
- თქვა სილვინიომ.