საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის ემზადება.
ირის ანტმანის გუნდი ირლანდიასთან გასამართი ორი თამაშისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვარჯიშობს.
მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პლეი-ოფში თამაში საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მომენტია და მოთამაშეები მას შრომით ხვდებიან. შესაძლოა, ეს განსაკუთრებული თამაში იყოს, მაგრამ ისე ვემზადებით, როგორც მორიგი თამაშისთვის, რომლისთვისაც უფრო უკეთ უნდა ვიყოთ მზად. ვიცით, რომ მაღალი დონის გუნდს ვხვდებით, მაგრამ შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია. უფრო აგრესიულები და მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. მეტი ვიმუშაოთ ტაქტიკურად და იმედი მაქვს, ამას მოედანზე გადავიტანთ, რადგან ფეხბურთი ყველაფერი შესაძლებელია.
პირველი თამაში თბილისშია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს შესანიშნავი გულშემატკივარი, რომელიც ყველა მატჩს ესწრებოდა და გვაჩვენებდა რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს ჯგუფური ეტაპის თამაშებში, შეასრულეს გულშემატკივრისთვის მიცემული პირობა და გავიდნენ პლეი-ოფში. ასე რომ, მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. ეს აუცილებლად დაეხმარება ჩვენს გუნდს“.
წყარო: nakrebi.ge