გიორგი მარგალიტაძემ მშობლიურ კლუბ ‘ლელო სარასენსს’ ორი ლელო გაუტანა და სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა – 17:12.
crocobet დიდი 10-ის მეორე ტურის დასკვნით შეხვედრას „ლელო არენამ“ უმასპინძლა. დაძაბულ შეხვედრაში ლუკა სახელაშვილს 3 გასატანი ჯარიმა გაუცუდდა, რამაც სტუმრებს თამაშში დარჩენის და 77-ე წუთზე გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა მისცა. ‘ლელომ’ 2024/25 სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი დათმო და ორივე შემთხვევაში ბონუს-ქულას დასჯერდა.
ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა რამდენიმე საინტერესო გარღვევა იხილა. ‘ლელოს’ შერკინების ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი ‘ყაზბეგის’ დამრიგებელმა მიხეილ სუჯაშვილმა გუნდი კონტრშეტევებზე ათამაშა. სტეფანწმინდელებმა რამდენიმე სალელოვე შეტევა განახორციელეს, თუმცა მხოლოდ ორი მათგანი გამოიყენეს.
შეხვედრის დებიუტში დავით იმნაძემ და ლუკა სახელაშვილმა ჯარიმები გაცვალეს. მე-15 წუთზე ‘ყაზბეგმა’ შერკინებიდან შეუტია, მარგალიტაძემ მცველები ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და პირველი ლელო გაიტანა. იმნაძე გარდასახვიდან ზუსტი იყო. ‘ლელო’ სათამაშო ინიციატივას დაეუფლა და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია. ლელოს გატანა ვერ მოხერხდა, მაგრამ ‘ყაზბეგი’ ჯარიმდებოდა და მასპინძლებს ტაიმის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა სახელაშვილის 4 დარტყმიდან ორი ძელმა აისხლიტა, ორმა კი მიზანს უწია – 9:10.
მეორე ტაიმის დასაწყისში სახელაშვილმა ახლოდან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ლელო პირველად დაწინაურდა. საათის თავზე ლუკას უპირატესობის გაზრდის შანსი ჰქონდა, თუმცა გასატანი პოზიციიდან მიზანი ვერ გაისწორა. მალე მან ლელო გაიტანა, რომელიც ბლოკის გამო გაუქმდა, დასკვნით 10 წუთში კი სტუმრები გააქტიურდნენ.
აქტიურ ნიკა ბაგაშვილს ერთ ეპიზოდში მიზნამდე ორიოდე მეტრი დააკლდა, 77-ე წუთზე სანტიმეტრები, თუმცა ამ ჯერზე რაქიდან ბურთი მარგალიტაძემ აიტაცა და დაუცველ მოკლე ფრთაზე მეორე ლელო გაიტანა. დავით მოძღვრიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და ‘ყაზბეგმა’ გასვლით შეხვედრაში 17:12 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფანწმინდელთა ბურჯი რეზი მარგალიტაძე გახდა.