ისტორიულ შედეგამდე ძალიან ახლოს - ისლანდია VS საქართველო | პრევიუ » სპორტის ხაზი

ისტორიულ შედეგამდე ძალიან ახლოს - ისლანდია VS საქართველო | პრევიუ

ისტორიულ შედეგამდე ძალიან ახლოს - ისლანდია VS საქართველო | პრევიუ
11-11-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

11 ნოემბერი, 23:35 - თარიღი და დრო, როდესაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს. იმ შემთხვევაში, თუ ილიას ზუროსის გაწვრთნილი ბიჭები მეტოქეს დაამარცხებენ, მაშინ ეროვნული ნაკრები ისტორიულ შედეგს, კერძოდ კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ძალიან მიუახლოვდება, იმ მსოფლიოს ჩემპიონატს, სადაც საქართველოს არასდროს უასპარეზია.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევრობასკეტი არც თუ სახარბიელოდ წარიმართა, რადგან ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მასპინძლის სტატუსი ვერ გამოიყენა, ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, რის გამოც ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოვეთიშეთ. იმ შემადგენლობიდან, რომლითაც ნაკრები ევრობასკეტზე დაკომპლექტდა, დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ NBA-ში მოთამაშეები, შესაბამისად, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი არ გვეყოლება. ასევე, დაგვაკლდება ბექა ბურჯანაძეც.

მიუხედავად იმისა, რომ თად მაკფადენმა და გიორგი შერმადინმა ევრობასკეტი ჩააგდეს, ამ მომენტისთვის ორივე კალათბურთელი კარგად გამოიყურება, რასაც თან ერთვის ის, რომ გუნდის უდავო ლიდერი და კაპიტანი, თორნიკე შენგელია ისლანდიასთან შეხვედრაში სრულ მზადყოფნაში იქნება. შესაბამისად, თუ ეს სამეული მატჩს მაღალ დონეზე ჩაატარებს, მაშინ, დიდი ალბათობით, მეტოქის დამარცხება არ უნდა გაგვიჭირდეს და ისლანდიაშიც სატრანსპორტო პრობლემების გამო, 24 საათის დაგვიანებით ჩაფრენამ დიდი მნიშვნელობა არ უნდა იქონიოს.

აი, რა თქვა გეორგიოს ლიმნიატესმა, ილიას ზუროსის ასისტენტმა დღევანდელ შეხვედრაზე: "მზადება პირდაპირ ისლანდიაში დავიწყეთ, ამიტომ ვარჯიშისთვის მხოლოდ 3 დღე მივიღეთ. ისლანდიასთან მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები ტრავმისა თუ კალათბურთელთა უგუნდოდ ყოფნის გამო გვქონდა, მაინც გვჯერა, რომ მეტოქის დამარცხება და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შეგვიძლია."

ამ წუთისთვის, ჩვენს ჯგუფს ესპანეთი და იტალია 11-11 ქულით ლიდერობენ, შემდეგ ორ საფეხურზე კი, ისლანდია (10 ქულა) და საქართველო (9 ქულა) არიან. როგორც იცით, მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან მხოლოდ სამი საუკეთესო ნაკრები გავა და სწორედ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი უმთავრესი მეტოქე ისლანდიის ნაკრებია. ამდენად, მათთან დღევანდელი გამარჯვება ისტორიულ შედეგამდე ძალიან მიგვაახლოებს.

რაც შეეხება ისლანდიასთან ურთიერთდაპირისპირებას, საქართველოს მათთან 2007 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციოზე აქვს ნათამაშები. ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე გუნდი გადაჭედილ სპორტის სასახლეში 80:65 დაამარცხა, თუმცა შედეგი, რომელიც ისლანდიაში დაფიქსირდა საქართველოსთვის სავალალო აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულით, 76:75 დამარცხდა, რის გამოც ფინეთმა ჯგუფში გაგვასწრო და საქართველოს (მაშინ B დივიზიონში ვთამაშობდით) აღზევება კიდევ ერთხელ გადაიდო. იმ თამაშიდან, რომელიც 16 წლის წინ საქართველომ ისლანდიასთან გამართა, ჩვენს გუნდში მხოლოდ 2 მოთამაშე, გიორგი შერმადინი და გიორგი ცინცაძე შემორჩა, ხოლო ისლანდიის ნაკრები თავიდან ბოლომდე განახლებულია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი