ცნობილმა სპორტულმა გამოცემა Bleacher Repor-მა ევროპის და კოპა ამერიკის ჩემპიონატები შეაჯამა, სადაც ორივე ტურნირზე მოთამაშე ფეხბურთელებიდან საუკეთესოები გამოარჩია.
სია 12 მოთამაშისგან შედგება, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი: გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე მოხვდნენ.
გიორგი მამარდაშვილზე: "დებიუტანტი საქართველოს ნაკრების საბედნიეროდ, გიორგი მამარდაშვილი ჩინებულ ფორმაში იყო - 23 წლის მეკარემ საშუალოდ მატჩში 7.5 სეივი შემოგვთავაზა და Whoscored-ის ვერსიით, ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩეხეთთან მატჩში ქართველ მეკარეს 11 სეივი ჰქონდა, რაზე უკეთესი შედეგიც ევროპის ჩემპიონატების ჯგუფური ეტაპების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა."
გიორგი მიქაუტაძეზე: "ამ ტურნირმა მიქაუტაძეს სახელი გაუთქვა - ქართველმა შემტევმა ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშში მოახერხა თავის გოლით გამოჩენა და ეროვნულ გუნდს მერვედფინალურ ეტაპზე გასვლაში ძალიან დაეხმარა.
წარმატებულმა ტურნირმა ფორვარდის მიმართ ევროპული გრანდების ყურადღება კიდევ უფრო გაზარდა, საბოლოოდ კი მისი შეძენა ლიონმა მოახერხა. თუ ის ახალ კლბუშიც გააგრძელებს გოლების გატანას, ლიონი მისი გაყიდვით სარფიან თანხას მიიღებს."