ქართულ მედიაში 21 წლის გიორგი სარდალაშვილის კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის დაგეგმილი ოლიმპიადის შესახებ აკეთებს.
როგორც სარდალაშვილმა თქვა, არასდროს ყოფილა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადა ერთსა და იმავე წელს მოუგიათ, სარდალაშვილს კი ისტორიაში შესვლა სწორედ ამ გზით სურს:
ძიუდოში კერპი არასდროს მყოლია, თუმცა, კარგად მახსოვს 2012 წლის ოლიმპიური თამაშები, როდესაც ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ამან უდიდესი მოტივაცია მომცა და ერთ-ერთი ფაქტორიცაა, რის გამოც ძიუდოს ასეთი ერთგული გავხდი. მას მერე, რაც წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვხედავდი, ქართველ ხალხს რამხელა სიხარული მივანიჭე და ეს მაგრად მახარებდა.
სხვა საქმეა, რომ ამ წარმატების შემდეგ ტელევიზიებში მისვლას ვერიდებოდი, რადგანაც მსურდა ეს ენერგია და კონცენტრაცია შემენარჩუნებინა. წინ ხომ ოლიმპიური თამაშებია და მთელი ყურადღება აქეთკენ უნდა იყოს მიპყრობილი. მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ისტორიაში უკვე შევედი, თუმცა, თუკი ოლიმპიადაც მოვიგე, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ქართველი ძიუდოისტი ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოსა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდება. მინდა, ისტორიაში ამ მხრივაც ჩავეწერო.
- თქვა სარდალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა პარიზში 27 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაიმართება.