უეფამ ქართველ მსაჯებს ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და საერთაშორისო მატჩების გაძღოლის საშუალება მისცა.
კერძოდ, ქალთა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს ყაზახეთისა და სომხეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მონაწილეობას ქართველი მსაჯები მიიღებენ.
მთავარი არბიტრის რანგში მზევინარ შარაშიძე მოგვევლინება, მისი ასისტენტი სოფო წულაია და ელენე ელოშვილი იქნებიან, მეოთხე მსაჯის როლში კი თეონა სტურუას ვიხილავთ.
შეხვედრა 4 ივნისს ალმათიში, თბილისის დროით 18:00-ზე გაიმართება.
გარდა ამისა, ამპუტანთ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატიც დაიწყო, სადაც ტურნირის ერთ-ერთი მსაჯი კობა რევაზიშვილი იქნება. ამპუტანთ ფეხბურთელთა ჩემპიონატზე 16 გუნდი იღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც.
ტურნირმა 1 ივნისს აიღო სათავე, ერთ კვირას გასტანს და 8 ივნისს გამარჯვებულის ვინაობა გამოვლინდება.