ქართულ მედიაში კაირატის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ზარიას კომენტარი ვრცელდება, რომელიც ევრო 2024-ზე თამაშს შეეხება.
"კლუბთან ადაპტაცია ჩემთვის რთული არ იყო. როცა გუნდს შევუერთდი, ყველამ თბილად მიმიღო და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს, მათთან ერთად დიდი ხანი ვთამაშობდი. გუნდში დამხვდა ჩემი ქართველი მეგობარი ლუკა გადრანი, რომელიც ძალიან დამეხმარა.
ყაზახეთში ქართველი ფეხბურთელებისადმი ინტერესს რაც შეეხება, საქართველოში ფეხბურთის დონე ყოველწლიურად იზრდება და მუდმივად ძალიან კარგი მოთამაშეები მოდიან. ალბათ, სწორედ ამას უკავშირდება ქართველებისადმი დიდი ინტერესი. პირადად მე, „კაირატის“ გარდა „აქტობეც“ მიწვევდა.
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას რაც შეეეხება, მიჭირს სიტყვებით აღვწერო, ჩვენთვის ეს რამდენად დიდი დღესასწაულია. ამას დიდი ხანი ველოდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით, როდესაც მიზანს მივაღწიეთ.
მადლობა გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში მიხილონ. ასეთ დიდ ტურნირზე შენი ქვეყნის წარდგენა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და, რა თქმა უნდა, ეს მეც მსურს, მაგრამ ამ ნდობის მოსაპოვებლად, ბევრი უნდა იმუშაო, აჩვენო საუკეთესო მხარე და იყო ბრწყინვალე ფორმაში", - ამბობს გიორგი ზარია.