18 წ. | პირველი მოგება ექვსე ერზე – საქართველო საფრანგეთზე ძლიერია! » სპორტის ხაზი

18 წ. | პირველი მოგება ექვსე ერზე – საქართველო საფრანგეთზე ძლიერია!

18 წ. | პირველი მოგება ექვსე ერზე – საქართველო საფრანგეთზე ძლიერია!
4-04-2024, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსთვის ექვსი ერის კარი ოდნავ შეიხსნა და იქვე დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი სწორედ იქაა! უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორია დაწერეს და ასაკობრივ დონეზე გამორჩეული საფრანგეთი დაამარცხეს – 20:19!

ეს არის საქართველოს პირველი გამარჯვება ექვსი ერის ეგიდით გამართულ ტურნირებში. და ამისათვის 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე სულ მეორე თამაში დაგვჭირდა. გამარჯვება პირველშიც შეიძლებოდა (შოტლანდიასთან 14:22), მაგრამ ცოტა დაგვაკლდა, ახლა კი, კარგი მსაჯობის პირობებში, ქართული ძალის წინაშე ბევრად უფრო ძლიერი გუნდი წაიქცა.

ეს იყო საფრანგეთი, რომელმაც პირველ ტურში ირლანდია უშანსოდ, 50:7 დაამარცხა. ეს იყო საფრანგეთი, რომელიც ასაკობრივ დონეზე მსოფლიოს მასშტაბით დომინირებს და ზედიზედ 3-ჯერ გახდა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული, იქ კი მორაგბეები სწორედ 18-წლამდელთა ფილტრის გავლის შემდეგ ხვდებიან.

სასიამოვნოა, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესი იყო და შედეგიც შესაბამისი დადგა. როგორც ჩანს, მწვრთნელებმა შეძლეს ბიჭებისთვის ამ დონეზე პირველად თამაშით გამოწვეული წნეხის მოხსნა და თავდაჯერებულობამ ისტორიულ გამარჯვებამდე მიგვიყვანა.

მორაგბეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს გარდამტეხ მომენტებში მობილიზება, დაცვასა თუ შეტევაში ემოციების მოთოკვა და სწორი გარჯით, ცივსისხლიანი ქმედებებით გიგი სირბილაძეს გადამწყვეტი დარტყმის შესრულების უფლება მოუპოვეს და მანაც თანაგუნდელები არ დააღალატა.

თამამი დასაწყისი

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ზურან ამონაშვილმა შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ თქვა – „ჩვენ ბევრად უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე დღეს გამოჩნდა“ – და ეს საფრანგეთთან შეხვედრის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა.

ხისტი ბოჭვებითა და მწყობრი დაცვით, ამონაშვილის შეგირდებმა მრისხანე მეტოქეს თავიდანვე აგრძნობინეს, რომ იოლად არაფერს დათმობდნენ. ფრანგები მე-7 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც დერეფნის შემდეგ 22-ში მაღალ ტემპში შემოგვიტიეს და 8-ფაზიანი თავგანწირული დაცვის შემდეგ, ლელო მაინც მივიღეთ. საპასუხო შეტევისას ჯარიმა გამოვიმუშავეთ და დავით წიკლაურმა კარის წინ 28 მეტრიდან 3 ქულა აიღო.

მეტოქის სიძლიერისა და განსხვავებული წესების გამო, ზედიზედ რამდენიმე დაჯარიმების შემდეგ დავით არჩვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და ფრანგებმა მეტობა მალევე გატანილ ლელოში ასახეს, მაგრამ ჯერ კიდევ კაცნაკლულებმა პასუხი არ დავაყოვნეთ. ამჯერად ჯარიმა აუტში გადავიტანეთ, 22-ში აგორებულ მოლს ფორვარდების დარტყმები მოყვა და ლევან ეზიეშვილმა ძალისმიერი ლელო შეიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახავით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა (10:12).

26-ე წუთზე მეტოქის კიდევ ერთი სწრაფი შეტევა წითელ ზონაში მოვიგერიეთ, მაგრამ შერკინებიდან ბურთის გატანისას მას ვერ გავუფრთხილდით და არაფრისგან ძელებსშუა გარდასახული ლელო მივიღეთ. ტაიმის ბოლოს თავი წარმატებით კიდევ ერთხელ დავიცავით, მერე მეტოქეს 30 მეტრით უკან დავახევინეთ და ჯარიმა ავართვით, თუმცა წიკლაურის დარტყმულს მიზნამდე ძალა დააკლდა – 10:19.

დრამატული დასასრული

მეორე ტაიმი 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ყვითელი ბარათით იკა კვარაცხელია დაისაჯა, თუმცა კაცნაკლულებმა შევძელით თავის დაცვა, შეტევაში გადასვლა და 46-ე წუთზე წიკლაურმა ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა.

ამის შემდეგ გარკვეული დროით ინიციატივას ფრანგები დაეუფლნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ წააწყდნენ თავდადებულ დაცვას, ჯარიმის კარში დარტყმა კი არც უფიქრიათ და დასკვნით 10 წუთში საქართველომ გამარჯვების შანსი მიიღო.

უმცროსი ბორჯღალოსნები ფრანგების 22-ში დამკვიდრდნენ და არაერთი სალელოვე შანსი შექმნეს. კარგად დაძრული მოლის შემდეგ ლეონიდე სალდაძე ბოლო მცველს გასცდა, მაგრამ დაზღვევამ ითამაშა კარგად. რადგან მცველები ხშირად ჯარიმდებოდნენ, ამჯერად ისინი დარჩნენ კაცნაკლულნი. დერეფნიდან აგორებული ქართული მოლი ერთ-ერთ ეპიზოდში ლელოშიც შევიდა, მაგრამ მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა.

ბოლო წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან კიდევ ერთხელ ავაგორეთ მოლი და ფრანგების წინააღმდეგობისა და დიდი ჭიდაობის შემდეგ, ანრი შველიძემ ლელო გაიტანა. ჯერი გიგი სირბილაძეზე მიდგა, რომელსაც არცთუ იოლი დარტყმის შესრულება მოუწია, თუმცა ემოციებს ძლია, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა – 20:19.

2018 წლის შემდეგ, როდესაც საფრანგეთის 8:3 დამარცხებით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ, ეს იყო ამ გუნდების პირველი დაპირისპირება და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დაამტკიცეს, რომ ისინი განვითარების სწორ გზაზე დგანან. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები, პარმაში (იტალია) მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე დასკვნით შეხვედრას 7 აპრილს, ჩვენი დროით 17:30 საათზე ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი