სულ რაღაც 3 დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე საბერძნეთს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ევრო 2024-ის საგზური მოიპოვოს.
ცხადია, ამ შეხვედრაზე დიდ ყურადღებას არამარტო ქართველები და ბერძნები, არამედ მთელი საფეხბურთო სამყარო ამახვილებს. ერთია 2004 წლის ევროპის ჩემპიონის დაბრუნება, მეორე კი დებიუტანტის მიღება, რომლის რიგებშიც არაერთი ვარსკვლავი თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უმნიშვნელოვანეს შეხვედრას საკუთარ კედლებში ატარებს, ბუქმეიკერები ფავორიტად მაინც ჩვენს მეტოქეს მიიჩნევენ.
სპორტული კოეფიციენტების სისტემის მიხედვით, საბერძნეთს მოგებაზე 2.20 სანიშნო მაჩვენებელი აქვს, საქართველოს კი 3.60, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუქმეიკერები 26 მარტის შეხვედრაში აშკარა ფავორიტად საბერძნეთის ნაკრებს ასახელებენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ საბერძნეთთან ისტორიაში 9-ჯერ გვითამაშია, საიდანაც საქართველომ 7 წააგო, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.