საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთთან ორი ამხანაგური შეხვედრა 6 და 7 თებერვალს გამართა.
აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ორივე მათგანი 4:2 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით მედიაში სწორედ ასათიანის კომენტარი ვრცელდება, რომელიც ამბობს, რომ ნაკრებს გამარჯვებულის მენტალიტეტი უყალიბდება:
„ჩვენი ფორმაციის საქართველო ნაკრებისთვის ეს 50-ე მოგება იყო, რაც სასიხარულოა – გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი უყალიბდება, რაც შესარჩევის მატჩების დაწყებამდე მნიშვნელოვანია. მინდა, ფეხბურთელებს მადლობა ვუთხრა, რადგან ყველანაირად ეცადნენ, რომ დავალებები შეესრულებინათ. რა თქმა უნდა, ხარვეზები გვქონდა და მათ გამოსასწორებლად მუშაობა მოგვიწევს.
გვსურს, ამხანაგურ თამაშებში ბევრი ფეხბურთელი გამოვცადოთ. დეკემბრისთვის, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყება, ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ, რომ კითხვის ნიშნები აღარ დაისვას", - თქვა ასათიანმა