ბორჯღალოსნები | მე-7 ცენტურიონით და ხუთი დებიუტანტით გერმანიასთან » სპორტის ხაზი

ბორჯღალოსნები | მე-7 ცენტურიონით და ხუთი დებიუტანტით გერმანიასთან

ბორჯღალოსნები | მე-7 ცენტურიონით და ხუთი დებიუტანტით გერმანიასთან
2-02-2024, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა, საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში სადებიუტო შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

4 თებერვალს, გერმანიასთან მატჩი, კოკერილის გარდა სადებიუტო იქნება მისი ასისტენტებისთვის – შონ სოვერბისა და კონორ მაკფილიპსისთვის, ასევე 5 მოთამაშისთვის: გიორგი ახალაძე, ლუკა ცირეკიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქართველიშვილი და დავით ხუროშვილი. ახალაძე და ცირეკიძე თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ, მამაიაშვლი, ქართველიშვილი და ხუროშვილი კი მარქაფაში არიან.

გუნდში ყველაზე უმრწმესი ცირეკიძეა – 19 წლის. ის ეროვნულში 20-წლამდელებიდან დაწინაურდა. მის გარდა შარშან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს ირაკლი აფციაურმა (რომელსაც ბორჯღალოსნებში დებიუტი საფრანგეთში, მსოფლიო თასზე ჰქონდა), მამაიაშვილმა, ხუროშვილმა და თორნიკე კახოიძემ. მათ შორის კახოიძე ყველაზე გამოცდილია. ის გერმანიასთან მე-5 კეპს მოიხვეჭს.

დებიუტანტებს შორის ყველაზე მხცოვანი (32 წლის) გიორგი ქართველიშვილია. 23-კაციან განაცხადში მასზე უფროსი მხოლოდ ნოდარ ჭეიშვილია (33).

მერაბ შარიქაძე – ცენტურიონი კაპიტანი!

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე გერმანიასთან სანაკრებო კვართს მე-100-ედ მოირგებს და გახდება მე-7 ქართველი ცენტურიონი.

აქამდე ეს პატივი მერაბ კვირიკაშვილს, დავით კაჭარავას, გიორგი ჩხაიძეს, სანდრო თოდუას, ლაშა მალაღურაძესა და შალვა მამუკაშვილს ერგო.

30 წლის შარიქაძეს სანაკრებო დებიუტი 2012 წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა. 23-კაციან რაზმში მას ამ ტურნირზე ყველაზე მეტი, 40 თამაში აქვს ჩატარებული და შესაბამისად, თასსაც ყველაზე მეტჯერ ფლობდა – 11-ჯერ.

დებიუტანტების გარდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არასდროს უთამაშიათ ირაკლი აფციაურს და ბექა შვანგირაძეს, რომელთა ანგარიშზე თითო-თითო სანაკრებო კეპია.

განაცხადში მყოფი 23 მოთამაშიდან 13, 25 წელზე ნაკლები ასაკისაა და გუნდის საშუალო ასაკიც 24,4 წელია. 30 წელს გადაცილებულები არიან ჭეიშვილი, ქართველიშვილი და შარიქაძე; 27 წლისანი არიან გიორგი ჯავახია, გიორგი ცუცქირიძე და მიხეილ ბაბუნაშვილი; 26 წლისანი არიან ილია სპანდერაშვილი, მირიან მოდებაძე, გიორგი კვესელაძე და აკაკი ტაბუცაძე.

შარიქაძის გარდა 50-ზე მეტი კეპი მოხვეჭილი აქვთ ჭეიშვილს და კვესელაძეს. საპირისპიროდ, დებიუტანტების გარდა 10-ზე ნაკლები კეპი აქვს 10 მოთამაშეს: ვანო კარკაძე, აფციაური, ჯავახია, ლუკა ივანიშვილი, სპანდერაშვილი, მიხეილ ალანია, ლუკა ნიორაძე, ბაბუნაშვილი, შვანგირაძე და კახოიძე. საშუალოდ, 23-კაციან განაცხადში მყოფი მოთამაშეების კეპები 17,6-ია.

ბორჯღალოსნები | მე-7 ცენტურიონით და ხუთი დებიუტანტით გერმანიასთან


2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. პირველი ტური

4 თებერვალი. დესაუ (გერმანია). Paul Greifzu Stadion. 18:00 (საქ. დრო)

გერმანია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. დავით ხუროშვილი (კლერმონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

Rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი