თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გაიხსენა, როგორ ეხმარებოდნენ თამაშებზე შესვლის მსურველ გულშემატკივრებს.
„თბილისის „დინამოს“ თამაშებზე ბილეთების შეძენა დიდი პრობლემა იყო. ჩემპიონატში ბილეთი ერთი მანეთი ღირდა, საერთაშორისო თამაშებზე კი 2 მანეთი და 50 კაპიკი.
ჩვენ ბილეთებს გვაძლევდნენ, უფრო სწორად ვყიდულობდით, რომ გულშემატკივრებისთვის დაგვერიგებინა. ფაქტობრივად, ყველა თამაშზე 100-150 ბილეთის ყიდვა და დარიგება გვიხდებოდა, რაც ჩვენი თითქმის სამი თვის ხელფასი იყო.
ბილეთების ეს რაოდენობაც არ გვყოფნიდა იმდენი მეგობარი და ახლობელი მოდიოდა სათხოვნელად. ერთის მხრივ, ეს ბედნიერება იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, ტრაგედია გახლდათ, რადგან ფული აღარ გვრჩებოდა. ყველაზე რთულ ვითარებაში ძმები ნოდიები იყვნენ, რადგან 300 ბილეთის დარიგება უწევდათ“, – გაიხსენა ვლადიმერ გუცაევმა.
1tv.ge