წყალბურთი | ევროპაზე საქართველოს დღევანდელი მეტოქე საბერძნეთია » სპორტის ხაზი

წყალბურთი | ევროპაზე საქართველოს დღევანდელი მეტოქე საბერძნეთია

წყალბურთი | ევროპაზე საქართველოს დღევანდელი მეტოქე საბერძნეთია
8-01-2024, 14:35
Aa Aa
გაზიარება:

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს, 8 იანვარს მესამე ტურის შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს ეთამაშება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ქართველმა წყალბურთელებმა კონტინენტის პირველობაზე პირველი ორი მატჩი წააგეს, იტალიასთან (5:22) და უნგრეთთან (11:15). ბერძნებმა კი პირველ ტურში უნგრეთს 10:8 მოუგეს, ხოლო შემდეგ იტალიასთან შეხვედრა 8:15 დათმეს.

ევროპის ჩემპიონატი წელს განახლებული ფორმატით ტარდება. 16 ნაკრები ორ დივიზიონში, ოთხგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდა. საქართველო A დივიზიონის B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებთან ერთად მოხვდა. A ჯგუფში კი ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი და მონტენეგრო თამაშობენ.

B დივიზიონი

C ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, ისრაელი, მალტა

D ჯგუფი: რუმინეთი, ნიდერლანდები, სლოვენია, სლოვაკეთი.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ A დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები კი მეორე დივიზიონის ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნებს შეხვდებიან და მათ შორის გამოვლინდება დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა. B ჯგუფის (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) მესამეადგილოსანი D-ს (B დივიზიონი) მეორეადგილოსანს ხვდება, ხოლო ჩვენი ჯგუფის ბოლოადგილოსანი – D ჯგუფის გამარჯვებულს.

მეტოქე | საბერძნეთის ნაკრები

ამჟამად საერთაშორისო წყალბურთის ფედერაციის რეიტინგში საბერძნეთის ნაკრები მესამე ადგილზეა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ოლიმპიურ თამაშებზე 16-ჯერ გამოჩნდა, ხოლო საუკეთესო შედეგი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ჰქონდა – მეორე ადგილი.

ასევე ვერცხლის მედალია საბერძნეთის საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წელს მოიპოვა. 2005, 2015 და 2022 წლის პლანეტის პირველობებზე ბერძნებმა ბრინჯაოს მედლები აიღეს.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, აქ საბერძნეთს ოქროს მედალი არ აქვს. კონტინენტის პირველობაზე ბალკანელების საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილია (1999, 2016).

ურთიერთშეხვედრები

2014 წლიდან საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთს ცხრაჯერ ეთამაშა და ყველა შეხვედრაში წააგო. ყველაზე ახლოს მეტოქის დამარცხებასთან 2021 წლის თებერვალში, ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიყავით, როდესაც 10:11 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

სანდრო ადეიშვილი, ბესარიონ ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, ვალიკო დადვანი, არტიომ ძიხტიარენკა, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, მარკო ელაჩა, ბექა კაპანაძე, გიორგი მაგრაქველიძე, სტეფან პიეშივაცი, ირაკლი რაზმაძე, ნიკა შუშიაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, დუშან ვასიჩი.

1tv.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი