კსუ-სა და არმიას, მე-13 ტურის გამოტოვებული მატჩი ბევრს გადაწყვეტსო, უკვე ვწერდით და ამ თამაშმა ცხრილში ცვლილება განაპირობა. კავკასიელებმა, მეექვსე ტურის (3:2) შემდეგ, ამ სეზონის მეორე შეხვედრაშიც დაამარცხეს არმიელები, თანაც ამჯერად უფრო დამაჯერებლად. მატჩი სწრაფ ტემპში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა სტუდენტებმა მატჩის სტარტზევე პრესინგით შეავიწროეს მეტოქე.
ანგარიშის გახსნის შანსი სტუდეტებს ჯერ ჰქონდათ, მერე ორჯერ არმიელებს. მე-4 წუთზე ჯანიკო გიორგაიას ჩაწოდებისას, საბა ტყეშელაშვილმა მეკარეს აჯობა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0. არმია წონასწორობის აღდგენას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. შეტევები სტუდენტებმაც გააგრძელეს და მე-10 წუთზე ნიკა ხარატიშვილის კარგი გადაცემით, საბა მაჩიტიძემ სხვაობა გააორმაგა, 2:0.
მალევე ლუკა ფარცვანიას ჰქონდა ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსი, მაგრამ არმია ხარიხამ იხსნა. არმიელები ვა-ბანკზე წავიდნენ და უფრო მწვავედ შეუტიეს. სტუდენტები სივრცეს არ უტოვებდნენ მეტოქეს, მაგრამ მე-17 წუთზე გიორგი ქურდაძემ მცირედი სივრცე მაინც იპოვა და ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 2:1.
მეორე ტაიმი არმიელთა იერიშებით დაიწყო, რომელშიც მეკარე ვახტანგ ტერუნაშვილიც მონაწილეობდა. 24-ე წუთზე სწორედ ტერუნაშვილის გამჭოლი პასისას, შაკო ცირამუამ ბურთი შეუჩერებლად კარში გააგზავნა და ანგარიში გაათანაბრა, 2:2.
თამაშმა კიდე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო, მაგრამ გოლებს ათი წუთი დაუგვიანდათ. 25-ე წუთზე ალი ასლანმა კსუ-ს მორიგი იერიში დაიწყო, ცენტრს გადაცდა და უძლიერესი დარტყმით სტუდენტები დააწინაურა, 3:2.
კავკასიელებმა კარის უსაფრთხოებზე გადააწყვეს თამაში ეს ანგარიში ბოლო წუთამდე არ შეცვლილა. არმიამ მეკარიანად შეუტია და ბოლო წუთზე, 30-წამიანი ინტერვალით, ლუკა ფარცვანიამ საკუთარი საჯარიმოდან შორეული ზუსტი დარტყმით, ორი ერთმანეთის მსგავსი გოლი გაიტანა. კავკასიელები 5:2 მოიგეს, 36 ქულა მოუგროვდათ, ქულით გაუსწრეს არმია და მეორე ადგილზე დაბრუნდნენ.
ჩემპიონატის გამოტოვებულ მატჩთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანი ერთი სათასო შეხვედრაც გაიმართა. სწორედ ამ მატჩს უნდა გადაეწყვიტა ვინ გავიდოდა მეოთხეფინალში, ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თუ პსპ.
ამ გუნდების დერბის ტრადიცია, რომელიც დაძაბული და საინტერესო თამაშში გამოიხატება, ამჯერადაც არ დარღვეულა. თუმცა, უფრო შედეგიანი ჯორჯიანსელები აღმოჩნდნენ. იტალო ფსილიომ მე-3 წუთზე დააწინაურა ჯორჯიანსი, მე-18 წუთზე კი ვილიან სოუზამ ფორა გააორმაგა.
მეორე ტაიმში ნიკოლოზ გაბრიჩიძემ დუბლი მიითვალა, 4:0. მხოლოდ ამის მერე უპასუხეს ფარმაცევტებმა, ლაშა კურტანიძის ავტოგლით ერთი ბურთი გაქვითეს. 38-ე წუთზე კი გიორგი ქურხულმა გაიტანა. ნიუ ვიჟენმა 4:2 მოიგო და თასის მეთხედფინალში გავიდა, სადაც ბბსა-ს ეთამაშება.
geofutsal