UG-ს პირველი და სენსაციური მოგება | რა მოხდა ფუტსალის უმაღლესი ლიგის მე-13 ტურში » სპორტის ხაზი

UG-ს პირველი და სენსაციური მოგება | რა მოხდა ფუტსალის უმაღლესი ლიგის მე-13 ტურში

UG-ს პირველი და სენსაციური მოგება | რა მოხდა ფუტსალის უმაღლესი ლიგის მე-13 ტურში
20-02-2025, 23:56
Aa Aa
გაზიარება:

ფუტსალის უმთავრეს ლიგის მე-13 ტურს, ნავსიანობის ელფერი მცირედით მაინც დაჰკრავდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ტური სანახევროდ ჩატარდა - 2 მატჩი გადაიდო, ამდენივე კი გაიმართა. მიუხედავად ამისა ორ შეხვედრაში 25 გოლი გავიდა, რაც ერთ თამაშში საშუალოდ 12 გატანილ ბურთზე მეტია და უდავოდ გამორჩეული მაჩვენებელია... და მთავარი, ამ ტურში, ერთგვარი სენაცია დაფიქსირდა, მაგრამ ამაზე ქვემოთ, მანამდე კი თანმიმდევრობას მივყვეთ.

მოქმედმა ჩემპიონმა ამ სეზონის პირველი რეკორდი, მე-6 ტურში ბეტის თბილისის 13-ბურთიანი (14:1) ძლევით დააფიქსირა. აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ჯორჯიანსელებს ბეტისელთა ახალბედა მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდთან, მოგება არ გაუჭირდებოდათ. ნიუ ვიჟენს ამჯერად ახალი რეკორდი არ დაუმკვიდრებია, მაგრამ ძლევამოსილად კი იმარჯვა. ავთანდილ ასათიანის ბიჭებმა 12 ბურთი გაიტანეს. აქედან 5 გოლი ბრაზილიელ ფორვარდ იტალო ფსილიოს ანგარიშზეა, რომელსაც 23 გოლი დაუგროვდა, ბომბარდირთა ცხრილში შაკო ცირამუას (არმია) გაუსწრო და ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა. ნიკოლოზ გაბრიჩიძემ დუბლი შეასრულა. ვახტანგ ჯვარაშვილმა, ლაშა კურტანიძემ, დავით ხეჩიკაშვილმა, ირაკლი თოდუამ და ბრაზილიელმა ვილიან სოუზამ თითო ბურთი გაიტანეს. ბეტისელთა სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ მათ მრისხანე მეტოქეს ამჯერად 3 გოლი გაუტანეს - დავით უდუმაშვილმა დუბლი მიითვალა, ერთი ბურთი კი გიორგი კურტანიძემ ჩაიწერა. არმიისა და კსუ-ს მატჩების გადადების გამო, ნიუ ვიჟენი ცხრილს, ახლა უკვე 5-ქულიანი ფორით ლიდერობს. ბეტის თბილისი კი 3 ქულით ბოლო ადგილზე დაეშვა.

მე-13 ტური ნავსიანი გამოდგა დინამო თბილისისთვის. მართალია, დინამოელები ლიგის დებიუტანტები არიან, მაგრამ 3 მოგებითა და 2 ფრით 11 ქულა დააგროვეს. მოგებებიდან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მრისხანე პსპ-სთან პირველივე ტურში იზეიმეს. ამასთან, მე-6 ადგილზე მყოფ ამ გუნდს, ცხრილში თავისზე ქვემოთ მყოფ გუნდებთან არ წაუგიათ. სხვათა შორის, დინამო UG-სთან სეზონის პირველ მატჩში მინიმალურად აგებდა, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე გატანილი გოლით ფრე (2:2) გაახერხა. მაშინ იმ შეხვედრას დინამოელები იგებდნენ, ამჯერად კი ასევე სწრაფი გოლით, UG დაწინაურდა - სტუდენტთაგან ზურაბ ღვინჯილიამ მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში, 0:1. დინამომ წუთშივე უპასუხა - თეიმურაზ ექიზაშვილმა წონასწორობა აღადგინა, 1:1. კახაბერ მაისაიას ბიჭები ამას არ დასჯერდნენ და წუთნახევარში კახა მაღლაკელიძემ დინამო წინ გაიყვანა, 2:1. წალენჯიხელები გაცხარდნენ და მეშვიდე წუთზე ალეკო უდესიანმა ანგარიში გაათანაბრა, 2:2. ტაიმის ბოლოს კი ნიკა ხარშილავამ UG ისევ წინ გაიყვანა, 2:3. მეორე ტაიმი წალენჯიხელთა გოლით დაიწყო, 21-ე წუთზე იური ჩანგელიამ ფორა გააორმაგა, 2:4. გავიდა 9 წუთი და დინამოელმა გიგა ლაგაზაშვილმა ერთ ბურთი გაქვითა, 3:4. ოთხი წუთის შემდეგ ლუკა ჯოლოხავამ ორბურთიანი ფორა აღადგინა. ნახევარ წუთში დავით ხუბუტიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (4:5) და დინამოს მატჩის გადარჩენის შანსი მისცა. თუმცა, წალენჯიხელებმა იმარჯვეს და მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე, ჯოლოხავამ მეორედაც გაიტანა და UG-მ სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა. ამ მოგების შედეგად წალენჯიხელებს 5 ქულა აქვთ. მათ ბეტის თბილისს ცხრილში ადგილი გაუცვალეს და მე-7 საფეხურზე აინაცვლეს. UG-ს და ბეტისს თითო მატჩი გამოტოვებული აქვთ და თანაც ერთმანეთთან. საინტერესოა, რომელი გუნდი რამდენად გამოიყენებს ამ გადადებულ შეხვედრას. ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

GEOFUTSAL


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი