ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მო სალაჰის საუდის არაბეთში ტრანსფერი ძალიან რეალისტური იყო, თუმცა, საბოლოოდ, "ლივერპულმა" ეგვიპტელი ფეხბურთელი კოლოსალური თანხის სანაცვლოდაც არ გაყიდა.
გუნდის ყოფილი მცველი სტივ უორნოკი თვლის, რომ მერსისაიდული გრანდი სალაჰის საუდის არაბეთში ტრანსფერს უნდა დათანხმდეს და სანაცვლოდ ხვიჩა კვარაცხელიას გადმოყვანაზე იმუშავოს:
"ჩემი აზრით, შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ. ასე ვამბობდი ლუის სუარესზე, ფილიპე კოუტინიოზე და ახლა მო სალაჰზე. ვფიქრობ, როდესაც არაბები მის სანაცვლოდ 175 მილიონ ევროს გიხდიან, უნდა გაუშვა და მისი შემცვლელი იპოვნო. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მოს იანვარში ან მაქსიმუმ ზაფხულში გავყიდდი, ოღონდ ამ დროისთვის შემცვლელი უკვე მოძებნილი მეყოლებოდა.
ვინ შეიძლება იყოს ეს? პირველი ხვიჩა კვარაცხელია მახსენდება. ის ახალგაზრდაა და აშკარად იგრძნობა პოტენციალი, ერთადერთი პრობლემა კი ისაა, რომ კვარაცხელია მარცხენა ფლანგელია და არ ვიცი, რამდენად კარგად გაისარჯება მარჯვნივ.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია კომერციული ფაქტორი - სალაჰის მაისურები ძალიან მაგრად იყიდება, როდესაც მის შემცვლელს იპოვნიან, ყურადღება ამასაც უნდა მიაქციონ", - განაცხადა უორნოკმა talkSPORT-თან.