ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები კვიპროსს ეწვია და მეტოქესთან გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა, - 1:2.
გთავაზობთ კვიპროსის ნაკრების ფეხბურთელების კომენტარებს, რომლებიც მათ მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთეს:
"საქართველოს უბრალოდ გაუმართლა, ეს მატჩი ჩვენ უნდა მოგვეგო, რადგან ჩვენ მეტად ვიმსახურებდით. ძალიან ცუდია, რომ საკუთარ ტრიბუნებზე უფრო მეტი ქართველი იყო, ვიდრე კვიპროსელი." - ხრისტოფი
"შანსი მომეცა და ვცადე, რომ კარგად გამომეყენებინა. ვფიქრობ, წაგება არ დაგვიმსახურებია, რადგან საკმაოდ კარგად ვითამაშეთ." - მალი
"შედეგით გაწბილებულები ვართ, რადგან ის ძალიან უსამართლოა. ჩვენ ბურთი ხარიხას ორჯერ მოვარტყით, ბურთს უბრალოდ არ სურდა კარში შესვლა." - პიტასი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორი ტურის შემდეგ A ჯგუფში 4 ქულა აქვს მოპოვებული და მეორე ადგილს იკავებს.