საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრას ხვალ, ჩვენი დროით 22:45-ზე თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
დღეს ორივე გუნდის დამრიგებელმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა, გთავაზობთ ვილი სანიოლის კომენტარს:
"ამ მატჩებისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დავიწყეთ, რადგან ზოგიერთმა ფეხბურთელმა საკლუბო სეზონი საკმაოდ ადრე დაასრულა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ ეროვნულ გუნდში თავს ყველა ჯანმრთელად გრძნობს, ამით სავსებით კმაყოფილი ვარ."
"თემურ ქეცბაიას ფაქტორი? - ვფიქრობ, მას ამ დონეზე სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. მას პირადად აქამდე არ ვიცნობდი, თუმცა წილისყრაზე გავიცანი და მიმაჩნია, რომ ის ძალიან საინტერესო ადამიანია."
"იქნება თუ არა ძირითადში კვარაცხელია? - ჯერ ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ნაკრებში სხვებიც არიან. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ის, რომ ხვიჩას სხვა გუნდების წარმომადგენლებიც სცემენ პატივს, თუმცა გადაწყვეტილებას ახლა არ ვიღებ."
"მამარდაშვილი თუ ლორია? - ალბათ, ხვალინდელ თამაშში კარში გიორგი მამარდაშვილი დადგება, შოტლანდიასთან კი ჯერ არ ვიცი. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ თუ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს მამარდაშვილი კვიპროსის წინააღმდეგ."
"ვათამაშებ თუ არა გიორგი ჩაკვეტაძეს? - გუნდში 25 ფეხბურთელია, ჯერ არ ვიცი ვის ვათამაშებ. ამის შესახებ საბოლოო არჩევანს ხვალ გავაკეთებ." - თქვა ვილი სანიოლმა