ფრანგულ მედიაში, კერძოდ Ouest France-ს ვებგვერდზე ლიგა 2-ის 2022/2023 წლების სეზონის სიმბოლური XI გამოქვეყნდა, სადაც, რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელმა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში 23 გოლი გაიტანა, 7 საგოლე პასი მიითვალა, ტურნირის ბომბარდირი გახდა და თავისი კლუბის ლიგა 1-ში დაწინაურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
სწორედ ამის შესახებ წერს ზემოაღნიშნული გამოცემა და გიორგი მიქაუტაძის თამაშში გოლების სიმრავლესთან ერთად კიდევ ერთ ფაქტორს გამოჰყოფს:
"გიორგი მიქაუტაძე მეცის რიგებში ზაფხულში ბელგიის რანგით მეორე დივიზიონიდან, კერძოდ სერენიდან დაბრუნდა და მას შემდეგ უდიდეს წარმატებას მიაღწია. ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მისმა 23-მა გოლმა მეცის ლიგა 1-ში აღზევებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა."
"მეცის ფორვარდი გამორჩეული იყო წარმატებული დრიბლინგებითაც, რომელთა რიცხვიც არც თუ ისე ცოტაა." - დაწერა გამოცემამ