კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური მეტად საინტერესო გადმოდგა. ოთხი შეხვედრა 12 მარტს, ერთი 13-ში გაიმართა.
ტური “შუქურასა” და “თელავის” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც სტუმრებმა მეტოქეს 2-1 სძლიეს. მიუხედავად იმისა, რომ კახელები მირიან ჯიქიას ავტოგოლით მარცხდებოდნენ, გიორგი ილურიძისა და იმედა აშორთიას მიერ გატანილი ბურთებით მატჩი შემოატრიალეს.
ქუთაისის “ტორპედოსა” და “გაგრას” შეხვედრაში ანგარიში მეორე წუთზევე აფხაზებმა გახსნეს, მაგრამ იმერლებმა ხუთიოდე წუთშივე წონასწორობა აღადგინეს, მატჩი კი ნიკა კაჭარავას დუბლითა და გიორგი არაბიძის ერთი გოლით 3-1 მოიგეს.
ნულოვანი ფრეს დასჯერდნენ “საბურთალო” და გორის “დილა.” მიუხედავად რამდენიმე გამორჩეული მომენტისა, გუნდებმა მეტოქეთა კარის აღება ვერ შეძლეს.
უხვგოლიანი გამოდგა ბათუმის “დინამოსა” და “სამტრედიას” ჯახი. ერთი შეხედვით აუტსაიდერი იმერული კლუბი, ამ შეხვედრაში მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, ორჯერ იყო წინ, მაგრამ შავიზღვისპირელებმა 1-2-დან შემოატრიალეს და 3-2 იმარჯვეს.
მეოთხე ტური თბილისის “დინამოსა” და “სამგურალის” მატჩით დაიხურა. შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდები ერთმანეთს დიდ გასაქანს არ აძლევდნენ და კარს იცავდნენ. მეორე ტაიმში დედაქალაქელებმა მეტოქე გატეხეს. ჯერ მოისწრაფიშვილმა იმერული კლუბის კარი თერთმეტმეტრიანით აიღო, ხარაიშვილმა კი მეორე ბურთით შეხვედრას წერტილი დაუსვა.
მეხუთე ტურის მატჩები 18-19 მარტისთვისაა ჩანიშნული.