რამდენიმე დღის წინ, ნაპოლიმ ფრანკფურტის აინტრახტი გერმანიაში 0:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
როგორც იცით, ამავე ტურნირის მესვეურები თითოეულ საფლეიოფო ეტაპზე საუკეთესო გოლს ავლენენ ხოლმე, ამ ჯერზე კი ნომინირებული ნაპოლის გოლიც გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგამ 1/8 ფინალების პირველი წრის საუკეთესოდ ჯოვანი დი ლორენცოს გოლი დაასახელა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიამ ქუსლით გენიალური საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ალბათ, იოლად მისახვედრია, რომ დი ლორენცოს გოლი სწორედ კვარას შესანიშნავი ქმედების გამო გამოირჩა. ცხადია, დარტყმაც უზუსტესად იყო შესრულებული, თუმცა მთლიანმა კომბინაციამ, შემდეგ კი ხვიჩას მაგიურმა გადაცემამ უმთავრესი სიტყვა თქვა და ნაპოლის მორიგი აღიარება მოუტანა!