ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულმა სეზონმა პსჟ-ს შემადგენლობაში შედეგი უკვე გამოიღო — ქართველი ვარსკვლავი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის მნიშვნელოვნად დაწინაურდა. GiveMeSport-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში ის უკვე მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ კვარაცხელია მხოლოდ მე-15 ადგილზე იყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებამ და ფინალში გატანილმა გოლმა მისი პოზიცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. გამოცემის შეფასებით, პსჟ-მ იანვარში დიდი შრომა გასწია მის შესაძენად და ახლა უკვე შედეგიც სახეზეა.
"კვარაცხელია ბრწყინვალე სისწრაფით და გამორჩეული ტექნიკით იპყრობს ყურადღებას. მისი თამაშის სტილი უნიკალურია და რთულია მისთვის დაბრკოლების შექმნა — სწორედ ამიტომ მიიჩნევა ისეთ ფეხბურთელად, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედი მარტომ შეცვალოს", — წერს GiveMeSport.
რეიტინგში პირველ პოზიციას ხვიჩას თანაგუნდელი უსმან დემბელე იკავებს, ხოლო ხუთეულში ასევე არიან ლამინ იამალი, რაფინია, მოჰამედ სალაჰი და დეზირე დუე. საბოლოო შედეგები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გახდება ცნობილი.