საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ემოციური სიტყვებით გამოეხმაურა პარი სენ-ჟერმენის ისტორიულ წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზე. ფინალში პარიზელებმა მილანის „ინტერი“ დამაჯერებლად, ანგარიშით 5:0 დაამარცხეს და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ტიტული.
მატჩის დასრულების შემდეგ, მაკრონმა სოციალურ ქსელებში დაწერა:
"პსჟ-ს გმირობის დღე."
პარიზის წარმატებამ ქვეყნის მასშტაბით დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ხოლო ჩემპიონობის მეორე დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეის სასახლეში მიიწვია ტრიუმფატორი გუნდის ყველა წევრი, მათ შორის სამწვრთნელო შტაბი, ხელმძღვანელები და ფეხბურთელები.
ელისეის სასახლის ისტორიულ მიღებას, ცხადია, ესწრებოდა ქართველი ვარსკვლავიც — ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანაც შეძლო და გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.