თურქული მედიის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილი შესაძლოა მალე საფრანგეთს დაემშვიდობოს და კარიერა სტამბოლში გააგრძელოს. 24 წლის შემტევის მიმართ ინტერესს თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი – „გალათასარაი“ იჩენს.
როგორც ცნობილია, დავითაშვილის ამჟამინდელი კლუბი, „სენტ ეტიენი“ ლიგა 1-დან გავარდა, რაც ფეხბურთელის წასვლის ალბათობას ზრდის. ფრანგულ გუნდში მნიშვნელოვანი სათამაშო დროის მიუხედავად, ზურიკოს კარიერის განვითარებისთვის შესაძლოა გუნდსა და ჩემპიონატს გამოცვლა მართლაც აუცილებელი გახდეს.
თურქული გამოცემა Fotospor წერს, რომ „გალათასარაიმ“ პირველი ნაბიჯიც გადადგა – კლუბის წარმომადგენლებმა დავითაშვილის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შეხვედრა მოითხოვეს, რათა ფეხბურთელის პირობები უკეთ გაიგონ და შესაძლო ტრანსფერზე იმსჯელონ. თუ მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართება, სტამბოლელები ოფიციალურ წინადადებასაც მოამზადებენ.
ცნობისთვის, ზურიკოს სახელი წარსულში „ბეშიქთაშსაც“ დაუკავშირდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა. ახლა კი უკვე კონკრეტული ინტერესით მოქმედებს „გალათასარაი“, რომელიც მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა და მომავალში ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებს.