თბილისში გამართული სანახაობრივი დაპირისპირების შემდეგ, სადაც ერთმანეთს „ბარსელონას“ ლეგენდები და ქართულ პროექტ GEO11-ის გუნდი შეეჯახნენ, შოთა არველაძემ ღონისძიების მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და „ლეგენდების სერია“ გაგრძელდება — შემდეგი გუნდი, რომელიც საქართველოს ეწვევა, სავარაუდოდ მადრიდის „რეალი“ იქნება.
„ეს პროექტი ახლახან დაიწყო და ვცდილობთ, ეტაპობრივად განვავითაროთ. მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ვარ. ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს და გვინდა, რომ მსგავსი მატჩები რეგულარული გახდეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც,“ — განაცხადა არველაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტი ღიაა ყველა იმ ფეხბურთელისთვის, ვისაც სურს საქართველოში ჩამოსვლა და გულშემატკივრებისთვის ემოციური წუთების ჩუქება:
„თუ რომელიმე ლეგენდარული მოთამაშეს უნდა ჩამოსვლა და ქართველი ფანებისთვის გახარება, ჩვენ მზად ვართ, შევუთანხმდეთ და გავაკეთოთ.“
რაც შეეხება მომავალ გეგმებს — შოთას თქმით, მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკება უკვე წარმატებით დასრულდა.
„მატჩი 2026 წელს ჩატარდება და ამ ეტაპზე უკვე დაზუსტებულია, რომ „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი სწორედ მადრიდის „რეალი“ იქნება,“ — აღნიშნა მან საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.