ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე "უოტფორდმა" 35 წლის სპეციალისტი ტომ კლევერლი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
კლუბის გადაწყვეტილება შედეგი იყო ჩემპიონშიფის 2024/25 წლების სეზონის მე-14 ადგილზე დასრულება, რაც კლევერლის პირველი სრული სეზონი იყო მთავარი მწვრთნელის რანგში.
კლევერლიმ, რომელსაც ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში უასპარეზია, "უოტფორდში" მწვრთნელის კარიერა 2023 წელს დაიწყო კლუბის 18-წლამდელთა გუნდის ხელმძღვანელობით. 2024 წლის მარტში, ვალერიენ ისმაელის გათავისუფლების შემდეგ, კლევერლი დროებით მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ხოლო აპრილში კონტრაქტიც მიიღო.
კლევერლის ხელმძღვანელობით, გუნდი სეზონის დასაწყისში წარმატებით ასპარეზობდა, მაგრამ 2025 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ხუთი გამარჯვება მოიპოვა და ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა .
ცნობისთვის, "უოტფორდისთვის" ეს ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მეცხრე მთავარ მწვრთნელთან გამომშვიდობებაა.