ფრანგული სპორტული მედიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი, Canal+–ის ჟურნალისტი პიერ მენესი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით კმაყოფილებას არ მალავს. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პარიზულ კლუბს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, არამხოლოდ შეტევაში იჩენს თავს, არამედ დაცვაშიც გამორჩეულია.
„მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში ჯერ კიდევ აქვს განვითარების პოტენციალი, ის უკვე ახლა სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით — დაცვაში ჩართულობით. ყველაზე მეტად სწორედ ის მომწონს, როგორ ეხმარება ფლანგის მცველებს. მისი წყალობით, ნუნუ მენდეში ბუკაიო საკას წინააღმდეგ თამაშში დიდი უპირატესობით სარგებლობდა“, — აღნიშნა მენესმა.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართა, სადაც "პარი სენ-ჟერმენმა" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა "არსენალი". გამარჯვების ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა სწორედ კვარაცხელიამ გაუკეთა.