ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ კომენტარი გააკეთა ჯეიდონ სანჩოს მომავალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ მომენტში ყურადღება მომავალ სეზონზე კი არა, მიმდინარე სეზონის შედეგებზეა გამახვილებული.
"ამჟამად ჩვენ გოლები და საგოლე გადაცემები გვჭირდება. ჯეიდონის მომავალზე საერთოდ არ ვფიქრობ - არც იმაზე, ვინ იქნება გუნდში მომდევნო წელს", — აღნიშნა მარესკამ.
მან ასევე დაამატა, რომ მთავარი ამოცანა არის მაქსიმალური სარგებლის მიღება იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც გუნდში ამჟამად იმყოფებიან:
"მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები ისე, რომ სეზონი რაც შეიძლება კარგად დავასრულოთ."
ცნობისთვის, 32 ტურის შემდეგ ჩელსი 54 ქულით პრემიერ ლიგაში მე-6 პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.