საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ჩეხეთთან მატჩის (1:2) შემდეგ პირველ არხთან კომენტარში ვრცლად ისაუბრა.
"გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ვამაყობ ჩემი გუნდელებით და იმ ქომაგებით, ვინც აქ ჩამოვიდნენ. მინდა, მადლობა მათ და იმ ხალხს გადავუხადო, ვინც გვგულშემატკივრობდა.
პირველი ტაიმით უკმაყოფილოები ვართ როგორც მე, ასევე გუნდი. შეგვეძლო, საქმე მეორე ტაიმში გამოგვესწორებინა. შევეცდებით, რომ შემდეგი თამაშები ბევრად მაღალ დონეზე ჩავატაროთ.
მინდა, მივულოცო ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთი წინ მიდის, ძალა ჩვენშია. ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრებებიც შევეცდებით, რომ ქართველ ხალხს ის სიხარული დავიბრუნოთ, რასაც იმსახურებს.
ფეხბურთში ასეა, წარმატებულ პერიოდს წარუმატებლობა მოჰყვება, მაგრამ ასეთ დროს არ უნდა დანებდე და უნდა წამოდგე – მეც და ჩვენი ნაკრებიც აქამდე ამ მენტალიტეტით მოვედით და გავაგრძელებთ წინსვლას. ჩვენ დიდი გული გვაქვს, ძალა ჩვენშია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ და საქართველოს დიდი სიხარული კიდევ ერთხელ ვაჩუქოთ", - განუცხადა ქოჩორაშვილმა პირველ არხს.
შეგახსენებთ, საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის B1 ჯგუფი 7 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. მარტში, ჩვენი გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში C ლიგის ერთ-ერთ მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში 22 ნოემბერს გახდება ცნობილი.