კვირას, 10 ნოემბერს ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას სიმონე ინძაგის ინტერთან გამართავს.
ამ მომენტისთვის სერია A-ს პირველ ადგილზე ნაპოლი 25 ქულითაა, რომელსაც ინტერი მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, ტურნირის ლიდერთა შორის გასამართ მატჩამდე იტალიაში დიდი მოლოდინებია.
როგორც ადგილობრივ მედიაში ვარაუდობენ, ანტონიო კონტე მეტოქის სიძლიერის გამო დიდ სიფრთხილეს გამოიჩენს და ნაპოლის მოედანზე ძველი, 3-მცველიანი სქემით გაიყვანს, სადაც კვარაცხელიას პოზიციონირებაც შეიცვლება. ამჯერად კვარა არა ფლანგზე, არამედ ლუკაკუსთან ერთად 2-ფორვარდიან სქემაში იმოქმედებს და ბელგიელთან მეტ სიახლოვეში იქნება.
3-5-2, - ეს არის მონახაზი, რომელსაც კონტე გამოიყენებს. სხვათა შორის, ეს სქემა ხვიჩასთვის უცხო სულაც არაა, რადგან ბოლო პერიოდში კვარა საქართველოს ნაკრებთან ერთად სწორედ ასე თამაშობს.