მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ფიგურების ტრადიციულ დაჯილდოებაზე, Globe Soccer Awards 2022-ზე ნაპოლის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მენეჯერებში დაასახელეს. როგორც იტალიური პრესა წერს, ჯუნტოლის გამორჩევაში უდიდესი როლი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს მიუძღვის.
სპორტული დირექტორების ნომინაციაში გამარჯვებულებად პაოლო მალდინისა და ფრედერიკ მასარას დუეტი დაასახელეს. სწორედ ამ ორ ადამიანს ჩამორჩა ნაპოლის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი.
ჯუნტოლიზე კომენტარი გააკეთა კლაუდიო ონოფრიმ, ვეტერანმა იტალიელმა მოთამაშემ და საფეხბურთო მენეჯერმა, რომელიც ამჟამად ცნობილი საფეხბურთო კომენტატორია. მისი თქმით, ნაპოლის სპორტული დირექტორის ერთ-ერთი ბოლო წარმატება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი იყო.
„კრისტიანო ჯუნტოლის გამორჩევა მოულოდნელი არ ყოფილა. როდესაც ჯუნტოლი მოთამაშეებს იხმობს, ეს ყოველთვის გარანტიაა – ჯუნტოლის აყვანილი 100 მოთამაშიდან 99 წარმატებით თამაშობს და იმედებს ამართლებს, რისი ნათელი დადასტურება კიმი და კვარაცხელია არიან."