თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი და საქართველოს პირველი არხის საფეხბურთო ექსპერტი, ვლადიმერ გუცაევი გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ხვიჩა კვარაცხელიას და პსჟ-ს შორის არსებულ სატრანსფერო მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ტრანსფერი ქართველისთვის წინსვლა იქნება.
"თუ ხვიჩა პარი სენ-ჟერმენში გადავა, ჩემი აზრით, ეს ერთგვარი ტრამპლინი იქნება, რომ შემდეგ მართლაც ტოპკლასის გუნდში მოხვდეს."
გუცაევის მოსაზრებას საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, კახა გოგიჩაიშვილიც დაეთანხმა: „იმის გათვალისწინებით, რომ წელს „ნაპოლი“ ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს, პსჟ-ში გადასვლა წინსვლა იქნება, რადგან ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უდიდესი მოტივაციაა. „პარი სენ-ჟერმენი“ უფრო შემტევი გუნდია და ხვიჩას საშუალება ექნება, პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს“.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ფრანგული კლუბის პირველი, 110 მილიონიანი წინადადება დაბლოკა, თუმცა როგორც მედიაში წერენ, პარიზელები ახალ წინადადებას უახლოეს დღეებში გააგზავნიან.