პარიზში გამართულ ერთა ლიგის წილისყრას ალბანეთის ეროვნული ნაკრების ბრაზილიელი მთავარი მწვრთნელი სილვინიო ეხმაურება:
"ყოველთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მონაწილეობის მიღება ასეთ მნიშვნელოვან გათამაშებაში, როგორიც დღევანდელია. აქ ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი და ძლიერი გუნდია. არ ვართ ადვილ ჯგუფში, ეს რთული ჯგუფია. ყველა ნაკრები ყოველდღიურად ძალიან იზრდება. ცოტა ხნის წინ ჩეხეთის ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. საქართველოც ძალიან მზარდი გუნდია, ისევე როგორც უკრაინა. ეს არის ძლიერი, ფიზიკური და რთული, მაგრამ ლამაზი ჯგუფი. რთული შეჯიბრია, რადგან სამ თვეში უნდა ვითამაშოთ (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი). ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა ჩვენთვის, რომ დიდი ძალისხმევით ვითამაშოთ და ჩვენ ამას აუცილებლად შევეცდებით. ვფიქრობ, რომ ჯგუფში ყველა გუნდი თანაბარია. რთული ჯგუფია, მაგრამ მეტად დაბალანსებული." - ამბობს სამხრეთ-ამერიკელი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ჯგუფში ასევე მოხვდა უკრაინა და ჩეხეთი.