4 თებერვალს "ჰონგ-კონგის ოლ-სტარმა" ლეო მესის "ინტერ მაიამის" უმასპინძლა, სადაც თავად არგენტინელმა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ახლა კი ვიგებთ, რომ შესაძლოა, ინტერ მაიამის აზიური პრომო-ტურის მომდევნო მატჩიც გამოტოვოს. ლეომ განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ ოთხშაბათს, "ვისელ კობესთან" დაგეგმილ მატჩშიც მაინც შეიძლება ვერ ვიხილოთ.
"არ ვიცი, შევძლებ თუ არა თამაშს. თუმცა ძალიან მინდა, რომ მოედანზე გავიდე. არ გამიმართლა, ჰონგ-კონგში ვერ ვითამაშე. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთები ხდება ხოლმე. მე ყოველთვის მინდა თამაში." - აცხადებს მესი.
36 წლის შემტევი კონტრაქტით ვალდებული იყო, რომ მოედანზე გასულიყო, რაზეც ჰონგ-კონგის სპორტის მინისტრმა ისაუბრა და თქვა, რომ ჰონგ-კონგის მთავრობის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ მატჩის დროს დაჰპირდნენ, რომ არგენტინელი მოედანზე გავიდოდა, მაგრამ თამაშის ბოლოს, როცა საფინალო სასტვენამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, იონგს და მის კოლეგებს შეატყობინეს, რომ მესის თამაში ტრავმის გამო შეუძლებელი იყო.
"ჩვენ მათ მაშინვე ვთხოვეთ, რომ სხვა გზა მოგვეძებნა. მაგალითად ის, რომ მესი უბრალოდ მოედანზე გასულიყო, გულშემატკივრებს მისალმებოდა და მათთვის ერთი-ორი წინადადებით მიემართა, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს." - ამბობენ ჰონგ-კონგის სპორტის სამინისტროში.