მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, ტომას მიულერი "რეკორდმაისტერის" რიგებში ასპარეზობას გააგრძელებს - ფეხბურთელმა და კლუბმა ბედი ერთურთს 2025 წლამდე დაუკავშირეს...
34 წლის მიულერი ბაიერნის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. როგორც Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი წერს, შეთანხმების გასაჯაროებამდე მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაა დარჩენილი. სავარაუდოდ, მხარეები კონტრაქტს ამ კვირაში გააფორმებენ.
გერმანელი "ბაიერნის" ვიცე-კაპიტანია და გუნდში 683 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ მაჩვენებლით მიულერი მხოლოდ მაიერს ჩამორჩება, რომელმაც მიუნხენელთა ღირსება 706-ჯერ დაიცვა. თუმცა, 34 წლის შემტევს ევროთასებზე ბაიერნის რიგებში ყველაზე მეტჯერ, 149-ჯერ უთამაშია. გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამე ადგილს 237 გოლით იკავებს, მას მხოლოდ გერდ მიულერი (563) და რობერტ ლევანდოვსკი (344) უსწრებენ.