საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, გიორგიმ გულშემატკივრების მნიშვნელობაზე და ზოგადად ევროპის ჩემპიონატზე განვლილ გზაზე გააკეთა კომენტარი.
"ევროპის ჩემპიონატამდეც ვამბობდით, რომ იქ ტურისტებად არ ჩავდიოდით და ეს კარგი ფეხბურთის თამაშით დავუმტკიცეთ მთელს მსოფლიოს - ახლაც, ევროპაში ყველა იძახის საქართველოს ნაკრები დააბრუნეთო, რაც ძალიან საამაყოა.
რაც შეეხება წნეხის ამბავს, ბევრი ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრები წნეხის გარეშე ითამაშებსო, მაგრამ ეს ასე არ იყო, რადგან ქართველი ხალხი ამბიციურია და მათ სულ მოგება სურთ, მიუხედავად მეტოქისა, ამ წნეხს ფეხბურთელებიც ვგრძნობდით, მაგრამ ასევე იყო დიდი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა, რომლის გარეშეც 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ დონეზე ვერ ვითამაშებდით, ყველა ქომაგს მადლობა!", - განაცხადა მამარდაშვილმა.