წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ცხადია ვილი სანიოლის მიმართ ინტერესი გაიზარდა - როგორც მოგახსენეთ, ფრანგი სპეციალისტის გადაბირებით ირლანდიის ნაკრები იყო დაინტერესებული, თუმცა Irish Mirror-ის მტკიცებით, სანიოლის კანდიდატურა მათთვის გამოირიცხა და შანსს ჯონ ოშის მისცემენ.
ფრანგულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი 47 წლის მწვრთნელის დამატებით ალ-იტიჰადი სერიოზულად დაინტერესდა.
არაბებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტეფანო პიოლის მოყვანა სურდათ, თუმცა ბოლო მომენტში სიტუაცია შეიცვალა და იტალიელის ალ იტიჰადში გადაბარგება საეჭვო გახდა.
მართალია ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა ჩვენთვის სიტუაციას ფინანსური მხარე ამძიმებს - არაბებს გაცილებით მეტის შეთავაზება შეუძლიათ ფრანგი სპეციალისტისთვის, ვიდრე ფეხბურთის ფედერაციას.
ცნობისთვის, ვილის ხელფასი საქართველოში წელიწადში 200 000 ევროა და ცხადია, არაბეთში მას გაცილებით უკეთესს პირობებს შეთავაზებენ.