პაპუნა ჭიქაბერიძე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის არაოფიციალურ ფინალს იმსაჯებს » სპორტის ხაზი

პაპუნა ჭიქაბერიძე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის არაოფიციალურ ფინალს იმსაჯებს

პაპუნა ჭიქაბერიძე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის არაოფიციალურ ფინალს იმსაჯებს
გუშინ, 01:14
Aa Aa
გაზიარება:

28 წლის ქართველი რეფერი პაპუნა ჭიქაბერიძე 18-წლამდე ექვსი ერის ფესტივალის არაოფიციალურ ფინალს იმსაჯებს. ინგლისისა და საფრანგეთის ისტორიული სარაგბო დაპირისპირების განსჯა, ორგანიზატორებმა სწორედ ქუთაისელ მსაჯს ანდეს.

18-წლამდელთა ექვს ერზე პაპუნამ უკვე განსაჯა ირლანდიისა და შოტლანდიის თამაში, რომელიც წლევანდელ ტურნირზე ყველაზე სანახაობრივი აღმოჩნდა. ჭიქაბერიძემ მატჩის შემდეგ საუკეთესო შეფასება მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად მთავარ მატჩზე დანიშვნაც მიიღო.

"ირლანდიისა და შოტლანდიის თამაშმა მოლოდინს გადააჭარბა. ველოდი, რომ ირლანდია დომინანტი იქნებოდა, მაგრამ 18-წლამდელთა ფესტივალზე ყველა მორაგბის თამაში სავალდებულოა, როგორც ჩანს ირლანდიელებმა შოტლანდიაზე აქცენტი არ გააკეთეს და სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, რომელიც ფრედ დასრულდა. ჩემი გარჯით კმაყოფილი ვარ, რადგან თამაშის მართვისას არანაირი დისკომფორტი არ მიგვრძნია და პირიქით, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, რაც მესამე ტურში დანიშვნამაც დაადასტურა"

"ორგანიზატორებისგანაც ზედმეტად კარგი შეფასება მივიღე და ველოდებოდი, რომ ბოლო 4 თამაშიდან რომელიმეს მსაჯობას მანდობდნენ, მაგრამ არაოფიციალურ ფინალზე დანიშვნას არ ველოდი. ეს იმიტომ, რომ აქ მსაჯები ექვსი ერის ქვეყნებიდან არიან, ჩვენ ტიერ2-ს წარმოვადგენთ და მსაჯები ერთმანეთში საუბრისას ვარაუდობდნენ, რომ ინგლის-საფრანგეთს ირლანდიელი, ან რომელიმე ბრიტანელი მსაჯი განსჯიდა. საბედნიეროდ მათი მოლოდინი არ გამართლდა და ამ თამაშს მე ვიმსაჯებ. დასკვნითი ტურია, ორივე გუნდს საუკეთესო შემადგენლობა ეყოლება, ველოდები რომ კარგი, ტემპიანი თამაში შედგება და ვეცდები მეც მაქსიმალურად შევუწყო ხელი"


"რა ასაკში და დონეზეც არ უნდა თამაშობდნენ ინგლისი და საფრანგეთი, მათი დაპირისპირება ყოველთვის ისტორიულია და დიდ ინტერესს იწვევს. ეს ჯერჯერობით ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემს განვლილ კარიერაში. გვაქვს შანსი, ქართული რაგბის სახელით კიდევ ერთხელ დავაკაკუნოთ ექვსი ერის კარზე და თამამად ვთქვათ, რომ არა მხოლოდ მოთამაშეებს, ქართველ მსაჯებსაც შეგვიძლია უმაღლეს დონეზე მსაჯობა და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. მეძლევა შანსი საუკეთესოდ წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები და რამდენიმე წელიწადში დიდ ექვს ერშიც მივიღო დანიშვნები, რაც უდიდესი მოტივაციაა" - აღნიშნა პაპუნა ჭიქაბერიძემ.

ინგლისი და საფრანგეთი წლევანდელ ფესტივალზე დაუმარცხებლად ასპარეზობენ. ინგლისელებმა პირველ ტურში შოტლანდია 71:5, ხოლო მეორეში ესპანეთი 43:19 დაამარცხეს. საფრანგეთმა ესპანეთს 36:12, ხოლო იტალიას 46:20 მოუგო.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი