გიორგი შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ვეღარ იბრძოლებს. აღნიშნული ტურნირის ოთხთა ფინალს საბერძნეთის დედაალაქი მასპინძლობს, სადაც ტენერიფესთან ერთად თურქული გალათასარაი, ბერძნული აეკ-ი და ესპანური უნიკახა მონაწილეობენ. დღეს გამართულ ნახევარფინალში შერმადინის ტენერიფემ სტამბოლის გალათასარაისთან მატჩი 80:90 წააგო და ფინალში ვერ გავიდა.
თამაშის საკვანძო მონაკვეთი მესამე მეოთხედი იყო, რომელიც თურქულმა კლუბმა 24:12 მოიგო და საბოლოოდ, დიდწილად, სწორედ ამის ხარჯზე გაიმარჯვა. ქართველმა ცენტრმა არასრულ 22 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად, 100%-იანი სიზუსტით ისროლა. ტენერიფეში ბომბარდირი მარსელინო უერტასი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, თუმცა სარგებლიანობის ინდექსით მას შერმადინმა აჯობა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში უნიკახამ 91:86 დაამარცხა აეკ-ი და ფინალში გასულ გალათასარაის შეუერთდა. ტენერიფე მესამე ადგილისთვის მატჩში აეკ-ს დაუპირისპირდება.
gbf.ge