დასრულდა ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც თორნიკე შენგელიასთვის კარიერაში საუკეთესო იყო. ცუდი ისაა, რომ მისმა გუნდმა ვერ შეძლო შედეგიანად გამოსვლა და ჩატარებული 34 მატჩიდან მხოლოდ 9-ში იმარჯვა. შედეგად, ვირტუს ბოლონიამ ბოლოდან პირველი, მე-17 ადგილი დაიკავა და ევროსეზონი დაასრულა.
დასკვნითი შეხვედრა ბოლონიელებმა ბარსელონაში გამართეს და ისევე როგორც სეზონის არაერთი შეხვედრა, დაძაბულ ბრძლაში დათმეს.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:26 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-დან 4 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლონიელთა რიგებში გამორჩეულები იყვნენ ჯასტინ ჰოლიდეი (16 ქულა), ვილ კლაიბერნი (15), ანტე ჟიჟიჩი (12) და აიზია კორდინიეც (11), ბარსელონას კი კევინ პანტერმა ულიდერა 20 ქულით.
შენგელია ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში საშუალოდ 27:27 წუთს თამაშობდა და 15.6 ქულას, 5.0 მოხსნას და 2.7 პასს აგროვებდა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი საშუალოდ 17.5 იყო.
GBF.GE