საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება : ლევან მაისაშვილმა თანამდებობა დატოვა » სპორტის ხაზი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება : ლევან მაისაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება : ლევან მაისაშვილმა თანამდებობა დატოვა
15-10-2023, 13:23
Aa Aa
გაზიარება:

ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა, ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ადასტურებს.

"მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას." - წერია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

ლევან მაისაშვილი: "მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.

მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ.
"


შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.