საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიაში პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მედიასთან კომენტარი მის წასვლა-დარჩენაზეც გააკეთა:
ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და მხარს გვიჭერდნენ. ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით, იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე გვეგონა. საქართველოს ნაკრებში გატარებული 8 წლის შემდეგ ასე დასრულება რთულია, ჩემს გრძნობებს ახლა ვერ ავხსნი, მე ჩემი ყველა კალათბურთელი მიყვარს, საქართველო მიყვარს, ახლა თავს უფრო მეტად ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, აქ 8 წელი გავატარე, ამ გუნდს საკუთარი სული და გული მივეცი. დავრჩები თუ არა საქართველოს ნაკრებში? ამ გუნდით ვამაყობ, მათთან ერთად 8 წელი ვმუშაობდი და ნაკრებს ყველაფერი მივეცი. მეტს ვერაფერს ვიტყვი. - თქვა ბერძენმა მწვრთნელმა.
ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. ბერძენ სპეციალისტთან ერთად საქართველოს გუნდმა ორ ევრობასკეტზე იასპარეზა და ისტორიაში პირველად მოახერხა გასვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე.