გიორგი კვერნაძე : 'საბურთალო ყოველთვის დარჩება ჩემს გულში, ფროსინონეში ბედნიერი ვარ' » სპორტის ხაზი

გიორგი კვერნაძე : 'საბურთალო ყოველთვის დარჩება ჩემს გულში, ფროსინონეში ბედნიერი ვარ'

გიორგი კვერნაძე : 'საბურთალო ყოველთვის დარჩება ჩემს გულში, ფროსინონეში ბედნიერი ვარ'
18-08-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

საბურთალოს აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა, გიორგი კვერნაძემ, რომელიც ამჟამად ფროსინონეში თამაშობს, ქართული კლუბის ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში იმ როლს გაუსვა ხაზი, რაც მის ჩამოყალიბებაში თბილისურმა კლუბმა შეასრულა.

"ხუთი წლის ვიყავი, როცა ფეხბურთზე შევედი. საბურთალოს აკადემიაში ცხრა წლის ასაკში დავიწყე თამაში. 18 წლისას პირველ გუნდში მქონდა დებიუტი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ამ დღეს დიდი ხანი ველოდებოდი.

საბურთალომ ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა, რადგან ამ გუნდში ცხრა წელი ვითამაშე და თითქმის ყველაფერი აქ ვისწავლე. საბურთალო წელს ეროვნულ ლიგაში ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელებს, ჩემპიონობის შანსიც ექნება.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად იასპარეზა. ბიჭებმა თავიანთი მაქსიმუმი აჩვენეს და, ჩემი აზრით, მათი თავდადება შედეგზეც აისახა. ნაკრებში რომ ვერ მოვხვდი და ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, ამაზე გული ძალიან დამწყდა. ბათუმის დინამოში სათამაშო დრო არ მქონდა და ტურნირზეც ამის გამო არ ვიყავი.

ფროსინონეში თანაგუნდელები ძალიან კარგად დამხვდნენ, მათთან კომუნიკაცია არ გამიჭირდა. თითქმის ყველასთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვერავის გამოვარჩევ. გუნდის მთავარი მიზანი სერია A-ში დარჩენაა."
- თქვა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

20 წლის ვინგერმა იტალიური ფროსინონეს შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი რამდენიმე დღის წინ გამართა. იტალიის თასის შეხვედრაში კვერნაძე 66-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და აქტიურიც იყო.

სერია A-ს სეზონს კვერნაძის გუნდი 19 აგვისტოს, ნაპოლისთან შეხვედრით გახსნის, სადაც ასევე ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ირიცხება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.