მარადონა, ხვიჩა, ოსიმენი - ფაბიო კანავარომ ნაპოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა » სპორტის ხაზი

მარადონა, ხვიჩა, ოსიმენი - ფაბიო კანავარომ ნაპოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა

მარადონა, ხვიჩა, ოსიმენი - ფაბიო კანავარომ ნაპოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა
27-04-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

La Gazzetta dello Sport-მა ნაპოლის ყოფილ წევრთან და ჩემპიონთან, ფაბიო კანავაროსთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან ნეაპოლური კლუბის 2022/2023 წლების სეზონი შეაფასა და არაერთი საინტერესო საკითხი მიმოიხილა:

"ნაპოლი სერია A-ს გამარჯვებული დამსახურებულად ხდება. ისინი შიდა ჩემპიონატში სტაბილურად დომინირებდნენ, რაც თავად იტალიური ფეხბურთისთვის არც თუ ცუდი გამოდგა, რადგან დანარჩენებმა ყურადღება ევროთასებზე გაამახვილეს, ახლა კი ისეთი რეალობა მივიღეთ, სადაც საერთაშორისო დონეზე 1/2 ფინალებში იტალიური კლუბები ჭარბობენ. ასეთი მიდგომის კარგი მაგალითია სევილია, რომელიც ლა ლიგას ვერ იგებს, თუმცა ევროპა ლიგა უამრავჯერ მოიგო."

"წინა ორი სკუდეტო კლუბმა განსხვავებულად მოიგო და მთავარი წვლილი მაინც დიეგო მარადონას მიუძღვის მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მწვრთნელებიც მშვენივრად მუშაობდნენ. ის, ძველი ნაპოლი მაგნიტური იყო, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ სპალეტის გუნდი მეტად მრავალპროფილურია. ადრე მარადონა იყო, ახლა კვარაცხელია და ოსიმენი არიან, მთავარი კი ისაა, რომ ნაპოლი გუნდურადაა ძლიერი. მაგალითისთვის, შენ შეგიძლია, რომ კვარას ორმაგი მეურვეობა მიუჩინო, თუმცა თავს ჟიელინსკი გამოიჩენს. გარდა ამისა, შეგიძლია სპალეტის გუნდი დააპრესინგო, თუმცა ამ დროს ლობოტკა ან ანგისა ივარგებს. მოკლედ, ამ ნაპოლის მთავარი ძალა გუნდურობაშია და ეს იუვენტუსთანაც გამოჩნდა, სადაც ლიდერებმა ვერ გაიბრწყინეს, თუმცა მატჩის ბედი ელმასმა და რასპადორიმ გადაწყვიტეს."

"ჩემი აზრით, ნაპოლის ამ წარმატებაში მთავარი წვლილი ლუჩანო სპალეტის მიუძღვის, რადგან მან არსებული კონტიგენტი ერთ ორგანიზმად გააერთიანა და საუკეთესო შედეგები მიიღო. მახსოვს მისი ადრინდელი პრესკონფერენციები, სადაც ის ფეხბურთელთა დანაკლისზე მოღუშული სახით საუბრობდა. ვფიქრობ, ახლა ყველაფერი შეცვლილია და ლუჩანო მეტად ეფექტური, მეტად პროდუქტიული გახდა. დღეს სპალეტისგან თანამედროვე საფეხბურთო სტილს ვხედავთ, რაც მის წარმატებას კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის."

"ცხადია, ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაშიც შეეძლო კიდევ უფრო შორს წასვლა, თუმცა რიგ მომენტებში არ გაუმართლათ, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საკვანძო ეპიზოდებში ლიდერები დააკლდათ, ან ისინი ჰყავდათ, თუმცა არც თუ კარგ სათამაშო ფორმაში. ისიც უნდა ითქვას, რომ მილანმა ნაპოლის განეიტრალება იდეალურად მოახერხა. მათ არაერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელი ჰყავთ: ლეაო, ტონალი, მენიო, დიასი, ისინი საოცრად გამოიყურებიან."
- ფაბიო კანავარო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი