ბონოს სიმარდე თუ მბაპეს სისწრაფე? | ბოლო ნაბიჯი ფინალამდე » სპორტის ხაზი

ბონოს სიმარდე თუ მბაპეს სისწრაფე? | ბოლო ნაბიჯი ფინალამდე

ბონოს სიმარდე თუ მბაპეს სისწრაფე? | ბოლო ნაბიჯი ფინალამდე
14-12-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

დღევანდელი ნახევარფინალის ანგარიშის წინასწარ გამოცნობა თუ გვსურს, მაშინ, ალბათ, სამუელ ეტო'ოს უნდა დავუკავშირდეთ, რადგან სწორედ ისაა ადამიანი, რომელმაც მაროკოელთა ამ ეტაპზე მოსვლა ტურნირის დაწყებამდე იწინასწარმეტყველა! - მართლაც, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აფრიკული გუნდი ამდენს შეძლებდა, მაგრამ ფეხბურთის თამაში ყველამ რომ ისწავლა, ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ, უკვე ბანალურიც კი გახდა.

მაროკოში 2022 წლის მონაცემებით 37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იფიქრებთ, მათ ახლა ზუსტად ამდენი მხარდამჭერი ეყოლებათო, თუმცა ეს ასე არაა. მას შემდეგ, რაც ტურნირზე მაროკო უკანასკნელი აფრიკული გუნდი გახდა, მისი მხარდამჭერთა სია 1 400 000 000-მდე გაიზარდა - ეს ის რიცხვი გახლავთ, რომელიც აფრიკის პოპულაციას სრულებით მოიცავს. უდავოა, რომ აფრიკელები საკუთარი კონტინენტის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევიან. ამიტომ, თავისუფლად შეიძლება, რომ სენეგალელი მაროკოელს, ან ნიგერიელი ეგვიპტელს გულშემატკივრობდეს.

მაროკოს მხარდაჭერა მართლაც სჭირდება, რადგან ისინი ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ეთამაშებიან. გარდა ამისა, საჭიროებასთან ერთად, აფრიკელები თანაკონტინენტელების გულშემატკივრობას იმსახურებენ კიდეც - მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც მუნდიალის 1/2 ფინალში გააღწია!

საფრანგეთს, ამ მხრივ, საქმე, რა თქმა უნდა, კარგად აქვს - ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მეშვიდედ იმყოფებიან. სხვათაშორის, ფრანგებმა ბოლო 3 ნახევარფინალური მცდელობა წარმატებით დაასრულეს და ფინალში გავიდნენ, იქ კი გამარჯვება 2-ჯერ შეძლეს (1998 და 2018).

სიახლეები ტრავმის შესახებ:

საფრანგეთის ნაკრებში ტრავმიანობას ვერ ვხვდებით. ალბათ, ეს ფრაზა იმის ფონზე, თუ რამდენი მოთამაშე დააკლდა საფრანგეთს ტურნირის დაწყებამდე სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ამ ეტაპზე, ევროპელებს ახალი დანაკლისი არ აქვთ.

მაროკოში კი საგანგაშო ზარის ხმა ისმის. არის შანსი, რომ აფრიკელებს ერთბაშად სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდეთ: მაზრაუი, საისი და აგერი. თუმცა, იწერება ისიც, რომ რომან საისმა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა მოიშუშა და თავისი გუნდის დახმარებას 1/2 ფინალში შეძლებს.

სავარაუდო XI-ები:

საფრანგეთი: ლორისი | კუნდე, ვარანი, უპამეკანო, ტეო ერნანდესი | ჩუამენი, რაბიო, გრიზმანი | დემბელე, ჟირუ, მბაპე.

მაროკო: ბონო | ჰაკიმი, ელ იამიქი, საისი, ატია ალა | ოუნაჰი, ამრაბატი, ამალა | ზიეჩი, ენ ნესირი, ბუფალი.

გუნდების ურთიერთშეხვედრები:

საფრანგეთსა და მაროკოს ნაკრებს ერთმანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს უთამაშიათ. მიუხედავად ამისა, დღევანდელი შეხვედრა მათი პირველი მატჩი არ იქნება. ამ ორ ნაკრებს ისტორიაში ერთმანეთთან ამხანაგურ დონეზე აქამდეც უთამაშიათ, სადაც, ცხადია, უპირატესობა ფრანგებს აქვთ. საფრანგეთსა და მაროკოს შორის იყო ხმელთაშუა ზღვის, ჰასან II-ის, ოთხი ქვეყნის თუ სხვა ეგიდით გამართული შეხვედრები, თუმცა, ეს ორი გუნდი ოფიციალურ დონეზე ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი