ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | მოწინავე კვარტეტის ჰეგემონია ‘აკადემიამ’ შეაჩერა » სპორტის ხაზი

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | მოწინავე კვარტეტის ჰეგემონია ‘აკადემიამ’ შეაჩერა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | მოწინავე კვარტეტის ჰეგემონია ‘აკადემიამ’ შეაჩერა
30-05-2025, 18:04
Aa Aa
გაზიარება:

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის საჩემპიონო პლეი ოფის მეოთხედფინალი კლასიფიკაციის მოწინავე კვარტეტში მყოფი გუნდებიდან მხოლოდ ‘ბათუმმა’ ვერ გადალახა. აჭარელთა მძლეველმა ‘აკადემიამ’ მიჯრით მეორე პოდიუმის შანსი შეინარჩუნა და ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ‘ხვამლს’ დაუპირისპირდება. ბოლო წლების ტიტულის მთავარი მეტოქეების ‘ლელოსა’ და ‘აიას’ გზები კი ამჯერზე ფინალამდე გადაიკვეთა.

საჩემპიონო პლეი ოფის 1/4-ფინალში ‘ლელომ’ მარნეულის ‘არმაზთან’ საშინაო შეხვედრის გამართვა „რაგბი პლატოზე“ ითავა. ჩემპიონი პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, კარგად კომბინირებდა, ოვალს დროულად შლიდა და შესვენებამდე 26 უპასუხო ქულაც აიღო. ფრთა ზუკა ყაველაშვილის, კვაჭ საბა ჯიბღაშვილისა და ჰავბეკ ნიკოლოზ გვრიტიშვილის გატანილ ლელოებს, მოლის ჩაქცევისთვის ფავორიტის სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო ლელო მოჰყვა.

მეორე ტაიმში ვნებათაღელვა შედარებით დაცხრა, რამაც ქვემო ქართლელთა კვაჭ გიორგი დევაძეს პრესტიჟის ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა. ჩემპიონის დამაჯერებელ გამარჯვებას კი წერტილი მარქაფადან ჩართული მხტომელის ირაკლი ცერცვაძის დადებულმა ლელომ დაუსვა. ‘ლელოს’ ფულბეკმა ოთარ ტალახაძემ ყველა გარდასახვა გამოიყენა - 33:5.

„აია არენაზე“, ‘აია’-‘არმიას’ შეხვედრაში ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. მატჩის დებიუტში მეტოქეებმა გარდასახული ლელოები გაცვალეს. „არმიელთა“ მარბიელ გიორგი გურაბანიძის გატანილ ლელოს, მასპინძელთა ჰავბეკ გიორგი ჭაჭიაშვილის გამთანაბრებელი ლელო მოჰყვა, თუმცა შესვენებამდე დარჩენილ დროში ‘არმია’ უკეთ გამოიყურებოდა. ჰავბეკ საბა მაჭარაშვილის გარდასახული ლელოსა და გატანილი ჯარიმის წყალობით სტუმრებმა ტაიმი 10-ქულიანი სხვაობით მოიგეს.

მეორე ტაიმი კი რიონისპირელთა უპირატესობით წარიმართა, რაც მასპინძლებმა მიჯრით გატანილ 3 გარდასახულ ლელოში (ფრთები: ბენო დეისაძე, ლუკა მუშკუდიანი და მარქაფადან ჩართული ჰავბეკი საბა მარგველაშვილი) ასახეს. ‘აიას’ ფულბეკმა მათე ბებიამ ყველა გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა. მატჩის მიწურულს ბურჯ ვანო ზაუტაშვილის გარდაუსახავი ლელოთი ‘არმიამ’ ანგარიშში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებს სასურველი სხვაობის შენარჩუნება არ გაჭირვებიათ. ‘აიამ’ 28:22 იმარჯვა.

„ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლი’-‘ლოკომოტივის’ დედაქალაქური დერბი „რკინიგზელთა“ ფრთა ნიკა კიკალიშვილის პირველივე წუთზე გატანილი ჯარიმით დაიწყო. ‘ხვამლს’ უპირატესობის დაუფლება არ გაჭირვებია. დათო ცხვედიანისა და რატი ურუშაძის შეგირდები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და მორკინალთა აქტიური თამაშის წყალობით შესვენებამდე 3 ძალისმიერი ლელო (კვაჭი ლუკა გორგოძე, მარბიელი გიორგი ბიზიკაშვილი და მღლეტელი საბა ცერცვაძე) გაიტანეს და 16 ქულით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ‘ხვამლმა’ უპირატესობა მარქაფადან ჩართული ფრთა გიორგი ბურდულის კომბინაციურ სტილში დადებული ლელოთი გაიმყარა. მუხიანელთა ფულბეკმა გიორგი ირემაძემ 3 გარდასახვა გამოიყენა - 26:3.

აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი’-‘აკადემიას’ შეხვედრა უშეღავათო ბრძოლით აღინიშნა. მართალია, მატჩის დებიუტში კვაჭი კაპიტნის სანდრო გამყრელიძის გარდასახული ლელოთი ‘აკადემია’ დაწინაურდა, თუმცა შესვენებამდე შეხვედრას მასპინძლები აკონტროლებდნენ. შუამარბ გოგა ბერიძისა და ფრთა გიგი აბაშიძის გატანილი ლელოები მასპინძელთა მგეზავმა მათე მახარაძემ ზუსტად გარდასახა, რამაც ‘ბათუმს’ პირველი ნახევარი 7 ქულის სხვაობით მოაგებინა.

მეორე ტაიმში ‘აკადემიამ’ დაცვაში თამაში გაამკაცრა, ტემპს უმატა და ავდარის მიუხედავად ლაღი, კომბინაციური თამაში გააჩაღა, რამაც ნიკა ჩიტალაძის შეგირდთათვის სასურველი შედეგი გამოიღო. ანგარიშში სხვაობა ჯერ სტუმართა მგეზავმა ნიკა ჩაჩანიძემ გატანილი ჯარიმით შეამცირა, შემდგომ კი ჩაჩანიძემ თანაგუნდელი მარბიელის ნიკა გოგუაძის ძალისმიერი ლელოც გარდასახა. მართალია, აჭარლებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე „მხატვრები“ ორივე მატჩში ყავდათ დამარცხებული, თუმცა გადამყვეტ შეხვედრაში ‘აკადემიამ’ რევანშის აღება და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება მოახერხა - 17:14.

1/2-ფინალში ითამაშებენ (1 თამაში)

‘ლელო’ (1) - ‘აია’ (4)

‘’ხვამლი’ (2) - ‘აკადემია’ (6)

მატჩები უკეთეს-ნომრიანი გუნდების, ‘ლელოსა’ და ‘ხვამლის’ არენებზე 4-5 ივნისს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი