"კსუ" და "ჯორჯიანსი" დაწინაურდნენ, "თსუ-მ" ადგილი შეინარჩუნა » სპორტის ხაზი

"კსუ" და "ჯორჯიანსი" დაწინაურდნენ, "თსუ-მ" ადგილი შეინარჩუნა

"კსუ" და "ჯორჯიანსი" დაწინაურდნენ, "თსუ-მ" ადგილი შეინარჩუნა
გუშინ, 19:29
Aa Aa
გაზიარება:

ფუტსალის უმთავრესი ლიგა დასკვნითი ბატალიებით გაგრძელდა და სამი გუნდის წარმატებები გამოიკვეთა.

ნახევარფინალების სერიის პირველი მატჩი ჯორჯიანსელებმა მეტოქეზე თამამად და აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთზე ვილიან სოუზამ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0. ორიოდე წუთში რონინიომ სოლო რეიდი გოლით დაამშვენა, 2:0. ფარმაცევტებმა ამას ტაიმის ბოლოს უპასუხეს, მიხეილ თევზაძემ, მე-18 წუთზე, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ნიუ ვიჟენმა მეორე ტაიმის აქტიურად დაიწყო და 21-ე წთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა ორბურთიანი ფორა აღადგინა. სამ წუთში თევზაძემ კიდევ ერთი ბურთი გაქვითა, 3:2. ჯორჯიანსელებმა მეტოქეზე წნეხი გააძლიერეს, მაგრამ პსპ-ს მხსნელად კვლავ მეკარე ნიკოლოზ ფხაკაძე მოევლინა, რომელმაც ამ შეხვედრაში, არაერთი მკვდარი ბურთი მოიგერია, მაგრამ, 26-ე წუთზე, ვილიან სოუზას ეფექტური დარტყმისას უძლური აღმოჩნდა, 4:2. ფარმაცევტებმა ერთადერთი რაც შეძლეს, ლამაზი კომბინაცია მალხაზ მურცხვალაძემ გოლით დააგვირგვინა, 4:3. ნიუ ვიჟენმა ნახევარფინალურ სერიაში, პირველი გამარჯვება იზეიმა და ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

უფრო დრამატული გამოდგა კსუ-სა და არმიას დაპირისპირება, რომელიც ორი ძირითადი, ორი ოვერტაიმისა და გახანგრძლივებული პენალტების სერიისგან შედგებოდა. მე-3 წუთზე ოთარ ბერეჩიკიძემ გახსნა ანგარიში, 0:1. ამას ორმხრივი შეტევები მოჰყვა, მაგრამ მეკარეების საიმედო თამაშის წყალობით, მეორე ნახევარიც ამ შედეგით დაიწყო. არმიელებმა კიპერიანად შეუტიეს და 30-ე წუთზე მეკარე ვახტანგ ტერუნაშვილმა სხვაობა გააორმაგა, 0:2. სტუდენტებმა ბოლომდე იბრძოლეს და შედეგიც მოიმკეს. 32-ე წუთზე საბა ტყეშლაშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. კიდევ 3 წუთში ნიკა ხარატიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 2:2. ეს შედეგი ძირითად დროსა და ორ ოვერტაიმშიც არ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. გეგმიური 5-5 პენალტიდან მეკარეებმა თითო აიღეს. არმიადან პენალტები, ლევან ქურდაძემ, ოთარ ბერეჩიკიძემ, თამაზ გოგსაძემ და ვანო ბექაურმა გაიტანეს. სტუდენტებიდან კი ნიკა ხარატიშვილმა, ლუკა ფარცვანიამ, საბა ტყეშელაშვილმა და ნოდარ ქურცაძემ. 4:4 ფრის გამო, პენალტების სერია გაგრძელდა. კავკასიელთა კიპერმა ალი ასლანმა მომდევნო პენალტი მოიგერია, საბა მაჩიტიძემ კი გაიტანა. კსუ-მ პენალტების სერიაში 5:4 იმარჯვა და ფინალში გასვლისთვის საჭირო, სამი მოგებიდან პირველი გამარჯვება იზეიმა.

რეგულარული სეზონის 21 ტურში, ცხრილის აუტსაიდერმა ბეტის თბილისმა, ერთ მატჩში 4 გოლის გატანა, მხოლოდ ერთხელ მოახერხა (UG-წალენჯიხასთან 4:2). მოგეხსენებათ, 21 ტურში მოპოვებული ქულები და სატურნირო მდგომარეობა, ფლეი აუტის 6 ტურიან სერიაში უცლელად გადადის. შესაბამისად, ახალბედა მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ბეტისელებმა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლის დასკვნითი სერია დიდი მონდომებით დაიწყეს. თსუ-დან გიორგი ხაბალაევმა მეორე წუთზე გახსნა ანგარიში, 1:0. ორ წუთში ბადრი კალანდაძემ წონასწორობა აღადგინა და ბეტისმა სტუდენტებს მდევრის როლი გადაულოცა. მე-8 წუთზე მეკარე თეიმურაზ გაბეხაძემ ბეტისელები წინ გაიყვამა, 1:2. ოთხ წუთში გიორგი მანაგაძემ ორბურთიანი ფორა შექმნა, 1:3. თსუ-მ ბოლომდე იბრძოლა და მე-20 წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 2:3. ნიკა ჩალაძემ 25-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 3:3. თუმცა, 30-ე წუთზე გიორგი კურტანიძემ ბეტისი ისევ დააწინაურა. სტუდენტებს დრო საკმაო ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ერთის გატანა შეძლეს. 35-ე წუთზე მელტონ ახალაიამ მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 4:4. მოგეხსენებათ, 6 ტურიანი სერიის შედეგად, ბოლოადგილოსანი ავტომატურად დაქვეითდება. მეშვიდეზე გასული გუნდი, ქვედა ლიგის მეორეადგილოსანს, ფლეი აუტში დაუპირისპირდება. ამ ფრის შედეგად მოპოვებული ქულით, თსუ-მ 31 ქულა დააგროვა, 16 ქულით გაუსწრო მდევარ UG-წალენჯიხას და ფუტსალის უმთავრეს ლიგაში ადგილი უკვე გაინაღდა.

დინამო თბილისისა და UG-წალენჯიხას მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ გაილია. პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით წარიმართა. 33-ე წუთზე ალექსანდრე ცირეკიძემ მახვილი კუთხიდან შედეგიანად გაისროლა და დინამო წინ გაიყვანა, 1:0. წალენჯიხელებმა მალევე უპასუხეს, ვაჟა კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. შედეგად, დინამო კვლავ 5 ქულით უსწრებს UG-ს, წალენჯიხელებს კი ბეტისელებთან 8 ქულიანი ფორა აქვთ. გარანტირებულად ლიგაში დამრჩენი მე-6 ადგილისთვის, ძირითადად დინამო და UG იბრძოლებენ. დარჩენილ 5 ტურში, ბეტისს, წალენჯიხასთან 8-ქულიანი ჩამორჩენის გაქვითვის მეტი შანსი აქვს, ვიდრე, დინამოსთან 13-ქულიანი სხვაობის გაბათილებისა. ვნახოთ, ვინ როგორ გამოიყენებს მომდევნო მატჩებს.

geofutsal


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი